გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - უამინდობა დასავლეთ საქართველოში

30.12.25 20:35
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები - უამინდობა დასავლეთ საქართველოში

უამინდობის და გადაუღებელი თოვლის გამო დასავლეთ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა. მხოლოდ ორ რეგიონში, სამეგრელოსა და იმერეთში შუქი 60 ათას აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ორი დღეა დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდენა მიდის.

პარალიზებულია გზები და ხალხი წინასაახალწლოდ, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაშია. რთული ვითარებაა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილებაც კი შეუძლებელია. შეფერხებით მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. 

დიდთოვლობის გამო მძიმე ვითარებაა გელათშიც, სადაც სამონასტრო კომპლექსის დროებით გადახურვაზე თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ადგილზე დამონტაჟებული ე.წ გამათბობელი უნდა იყოს ჩრთული, რადგან თოვლი დადნეს და დროებითი კონსტრუქცია არ ჩამოინგრეს. თუმცა, გელათის მცველი, რომელიც დღისით ადგილზე იყო, ამბობს, რომ გათბობის სისტემა ჩართული არ ყოფილა.

მძიმე ვითარებაა სამეგრელოშიც, სადაც ამ დრომდე ათასობით მოქალაქე შუქის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, ეს იმ ქაალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილები და წაქცეულია ხეები. განსაკუთრებით რთული ვითარება სოფლებშია, სადაც, როგორც ადგილობრივები ყვებიან, გზები გაუწმენდავია და მოსახლეობა ქალაქთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.