იმიტირებული საახალწლო ღონისძიება და დადგმული ტაში - მერიამ კონცერტი 5 დღით ადრე ჩაწერა
იმიტირებული საახალწლო კონცერტი და ჩაწერილი ტაში - დღეს, თბილისში ცენტრალური საახალწლო ღონისძიება არ გაიმართება. "პირველების" ინფორმაციით, თბილისის მერიამ კონცერტი 5 დღით ადრე ცერემონიების სასახლის ეზოში ჩაწერა.
კონცერტის ჩაწერას კახა კალაძეც ესწრებოდა. მოქალაქეების თქმით, დედაქალაქის მერის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე თვითონაც აღარ ემღერება".
ერთი ეშინიათ კი არა, არც თვითონ აღარ ემღერებათ უკვე და ესეც გაირკვა, მაგათი ფასი არის ეს ჩანაწერები. არავითარი სიცოცხლე შიგნით, ვთქვათ დააწერე სიცოცხლით სავსე ქალაქი, აშკარაა, რომ სიკვდილით სავსეა ეს ქალაქი, ზიზღით, მტრობით, შურით და ღვარძლით." - ამბობს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი.
ჟურნალისტი, ნიკა კაცია გასული წლის ჩაწერილ საახალწლო კონცერტს იხსენებს, მაშინ ქალაქის მერი ამტკიცებდა, რომ საახალწლო ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მედიამ გაარკვია, რომ მოქალაქეები წინასწარ ჩაწერილ კონცერტს უყურებდნენ.
ნიკა კაცია აღნიშნავს, რომ "რეჟიმმა ძალიან კარგად იცის, რომ ის სუსტდება".
ისევე, როგორც გასულ წელს, მე საკანში ვიყავი როცა გავიგე, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყო ჩაწერილი ის კონცერტი და ძალიან ბევრი ვიცინე, ახლაც მეღიმება, მართლა მეღიმება იმიტომ, რომ თვითონ რუსულმა რეჟიმმა თავად ჩაიგდო საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში, რომ რეალურად, ძალიან პატარა საქართველოში, სადაც ცოტა ადამიანი ვართ, მათ არ გააჩნიათ იმდენი მომხრე, რომ არ დასჭირდეთ წინასწარ კონცერტების ჩაწერა იმიტომ, რომ ალბათ ძალით მიიყვანენ, დასვამენ, დააკვრევინებენ ტაშს, შეიძლება ის ტაშიც იყოს ჩაწერილი, დააჭირონ და გაუშვან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად რეჟიმმა ძალიან კარგად იცის, რომ ის სუსტდება," - ამბობს ნიკა კაცია.