დღეიდან "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" მიღებული კანონის ცალკეული ნორმები შედის ძალაში

01.01.26 11:11
დღეიდან "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" მიღებული კანონის ცალკეული ნორმები შედის ძალაში

2026 წლის პირველი იანვრიდან "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" მიღებული კანონის ცალკეული ნორმები შედის ძალაში. 

კერძოდ, დღეიდან ძალაში შედის კანონის მუხლი, რომელიც არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარებას კრძალავს - აკრძალული იქნება: ყურებისა და კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ასევე, უკვე მოქმედებს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის გამკაცრებული ზომები, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან ცხოველის მიმართ სხვაგვარ ძალადობას მოჰყვება.

კანონი ადგენს, რომ დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის - ცხოველის ცემა, ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც მის ტანჯვას იწვევს, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან წახალისება სხვა ცხოველის და ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ასევე ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელი იქნება ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება (გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა.

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონი პარლამენტმა 2025 წლის ივლისში მიიღო.

მსგავსი სიახლეები