"1 გავიდა, 4 დარჩა. ხოდა ესეც გაივლის... იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე მთელი ქოცბანდა" - გიორი მინდაძის წერილი ციხიდან

01.01.26 16:16
"1 გავიდა, 4 დარჩა. ხოდა ესეც გაივლის... იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე მთელი ქოცბანდა" - გიორი მინდაძის წერილი ციხიდან

"არ იდარდოთ, 1 გავიდა, 4 დარჩა. ხოდა ესეც გაივლის" - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, გიორგი მინდაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გიორგი მინდაძე ხალხს სთხოვს მასზე არ იდარდონ - "იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე მთელი ქოცბანდა მათი ოჯახებით აღებული".

გამარჯობა, 1 წელია უკვე, რაც 4 კედელს და ათასობით უსაყვარლეს ადამიანს შევცქერი. ჩიტებს ამბავი მოაქვთ, რომ ხალხს ძალიან გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ციხეში ვართ ბიჭები, გოგონები, კაცები, ქალები, მათზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველას ინდივიდუალური შეფასების ჩარჩოები აქვს. მე კი მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირადი დამოკიდებულება და ემოციები თქვენ. 

მინდა, პირველ რიგში, გთხოვოთ, რომ ჩემზე არ იდარდოთ. ვიცი, თქვენს გულებზე როგორ მოქმედებს, ინერვიულოთ თუნდაც ერთ ადამიანზე. დედაჩემი ამის ცოცხალი მაგალითია თავისი სამი სტეტით. ხოოდა სხვებს არ ვიცი, თუმცა ჩემზე ნერვიულობა ამად არ ღირს. ყველაზე მეტად მეუხერხულება, არ მსიამოვნებს, მძულს, არ ვიცი, როგორც გინდათ, დაარქვით, ტყუილად ბოდიშების მოხდა, ნერვიულობა იმაზე, რასაც ვერ შეცვლი. ხოდა რა მინდა, გითხრათ: მომდის ინფორმაცია, რომ ხალხს "ჩვენი", ამ შემთხვევაში კი ჩემი, გამხნევება სურს, არ არის საჭირო. იმაზე მხნედ ვარ, ვიდრე მთელი ქოცბანდა მათი ოჯახებით ერთად აღებული. არა, ასეთ ცუდ დღეშიც არ ვარ (აქ სიცილის სმაილიკი). ბევრად მხნედ ვარ, ამათთან შედარებით. 

ახლა რა მინდა, მოგიყვეთ: ერთი წელი გავიდა, ხოდა დავფიქრდი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ჩემს შვილებს და მათ შვილებს, კიდევ დღევანდელი ბაბუების ისტორიები როა, 36 მანეთად რუსეთში რომ საგულაოდ დადიოდნენ და ეგ აქვთ საუკეთესო მოგონებად, მსგავსი საცოდავი ისტორიების ნაცვლად, აქ გატარებულ დროზე მოვუყვები. ცხოვრების საუკეთესო დროისა და მოგონების სახით. ამაში კი თქვენ მიგიძღვით უდიდესი წვილი, ხო, ამისთვის მადლობა. 

21 წლის მანძილზე, კი არადა 22, მიუხედავად ჩემი ფიზიკური შეზღუდვისა, იმაზე მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე. მგონი, უსინდისობაა, უყვარდე ასობით ადამიანს უპირობოდ, გელოდებოდნენ მთელი გულით გარეთ და ეს არ გაბედნიერებდეს. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ სინდისის პატიმბრებს გვეძახიან. 

ხოდა ბევრი რომ არ ვილაყბო, თქვენს მადლობებს არ ვღებულობ, რადგან აქეთ მაქვს მადლობა გადასახდელი, რომ ცხოვრებას მილამაზებთ. 

ხო, გავიმარჯვებთ სახელოვნად და ცეცხლი ოლიგარქიას აღარ მოვაყოლებ. ეს ხომ თვალსაჩინო მოვალაია და ყველა, უთქმელად ვიცით.

არ იდარდოთ, 1 გავიდა, 4 დარჩა. ხოდა ესეც გაივლის," - წერს გიორგი მინდაძე.

ცნობისთვის, 21 წლის სტუდენტს, აქტივისტ გიორგი მინდაძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებს ბრალს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები