დაყოფილ საზოგადოებაში ერთადერთი იმედი ისევ ეკლესიაა - მეუფე გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველ ხიბულაში აღასრულეს ერთობლივი ლიტურგია და გადაიხადეს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
მსახურებაზე მეუფე გრიგოლმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ გამოვლილ სირთულეებზე, ეკლესიის გამაერთიანებელ როლზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც როგორც სამღვდელოებას, ისე ყოველი მოქალაქის წინაშე დგას. მისი თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზე პუსუხებიც სამღვდელოებამ საქმით უნდა გასცეს.
ვხედავთ, რომ 90 იანი წლების დასაწყისიდან, რაც საქართველოს სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მოვდივართ უდიდესი სირთულეების გზით. ღმერთმა ინებოს, რომ ღირსეულად შევძლოთ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული განსაცდელების დაძლევა. ძალიან ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა, როცა საზოგადოებაში არის დაყოფა და გაღიზიანება ურთიერთმიმართ, ბევრი ადამიანი იმედით შეჰყურებს ეკლესიას, რადგან ეკლესია დღემდე ასე იყო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარჩეს ჩვენს სულიერ დუღაბად და გამაერთიანებლად და განმამტკიცებლად, რადგან იმასაც ვხედავთ, რომ სხვა ასეთი გამაერთიანებელი შემკვრელი არ არსებობს - მაღლა ღმერთი გვყავს და დაბლა ჩვენი დედა ეკლესია.
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ეკლესია დღითიდღე გაძლიერდეს, განმტკიცეს, გაუძლოს და არა მარტო გაუძლოს გამოწვევებს, არამედ შესაბამისი პასუხი გასცეს და ტვირთი პასუხისმგებლობისა თითოეულ ჩვენგანზეა - როგორც მღვდელმთავრებზე, წმინდა სინოდზე, სამღვდელოებაზე. ძალიან ბევრი კითხვაა ცხოვრებაში, რომელიც ჩვენგან ითხოვს პასუხების გაცემას და ჩვენი პასუხები უნდა იყოს საქმეში გამჟღავნებული, - თქვა მეუფე გრიგოლმა.