რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საქართველოს ცა ნებართვის გარეშე გადაკვეთა? - რას წერს საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი
რიგით მესამე IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი სამხედრო ტვირთით თეირანში დაეშვა, მათი ტრაექტორია კი ცხადყოფს, რომ თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მეგი ბენია.
მისი შეფასებით, საკითხი ეჭვს აჩენს - განხორციელდა ეს ფრენები რუსეთის ინიციატივით საქართველოს მხრიდან გაცემული ნებართვის საფუძველზე, თუ ქვეყნის საჰაერო სივრცე უკანონოდ იქნა გამოყენებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე მესამე IL 76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი სამხედრო ტვირთით ბორტზე დაეშვა თეირანში.
თვითმფრინავების ტრაექტორია გვიჩვენებს, რომ მათ გადაკვეთეს საქართველოს საჰაერო სივრცე. საქმე იმაშია, რომ ასეთი ტიპის თვითმფრინავს, მითუმეტეს სამხედრო ტვირთით, სჭირდება ქართული მხარის შესაბამისი ნებართვა საჰაერო სივრცის კვეთის შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ ამისთვის წინასწარი მოთხოვნა უნდა შემოვიდეს ფრენის ინიციატორი მხარისგან (ამ შემთხვევაში გამოდის რუსეთი).
შესაბამისად გვაქვს 2 ვარიანტი:
1. რუსეთმა უკანონოდ გამოიყენა საქართველოს საჰაერო სივრცე
ან
2. ქართულმა მხარემ მისცა ნებართვა ამ ფრენისთვის გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს საჰაერო სივრცე
მოსაკვლევი ამბავია!, - წერს მეგი ბენია.