ტროტუარზე დგომის გამო 23 მოქალაქე პროცესების მოლოდინშია - რას ამბობენ აქტივისტები
ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაიბარეს, ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლება მათ შეშინებას ვერ მოახერხებს. ამასთან, ნაწილი მათგანი არ გამოირცავს, რომ ახალი კანონის აღსრულება ივანიშვილის გუნდს გაუჭირდება და შესაძლოა, საქმეები თაროზეც კი შემოდონ.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე აპირებს, რომ არც შემდეგ პროცესზე დაასრულოს ეს საქმე და კიდევ გადადოს. ისიც არ გამიკვირდება, დამირეკონ და მითხრან, რომ უვადოდ გადაიდება. ძალიან გაიჭედა შსს, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ არანაირი მექანიზმი არ აქვთ, რომ ეს კანონი აღასრულონ და არ გამიკვირდება, რომ ყველა ეს საქმე გადადონ უვადოდ და შემოსდონ თაროებზე. 6 თვე აქვთ, პრინციპში, მაგის განსახილველად და ალბათ მიხვდნენ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც აპირებდნენ, რომ ეს კანონი აღესრულებინათ, შეუძლებელია, რომ აღასრულონ, - ამბობს აქტივისტი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ არც დაპატიმრების და არც სასამართლოების ეშინია და იბრძოლებს იქამდე, ვიდრე სმართლიანობა არ იზეიმებს.
ორი პროცესი მაქვს - 17 და 18 დეკემბერზე, ამიტომ ვიძახი: ორივე, ხალხო, დაიტოვეთ თქვენთვის, იმიტომ, რომ მე არ მჭირდება და არცერთ დღეზე არ ვთვლი თავს დამნაშავედ, რომ ვიბრძი აქ და ვდგავარ აქ. ყოველთვის ვიქნები წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და ყოველთვის ყველა პოლიციელს, ყველა ამ რეჟიმის მონას დავუდგები წინ და იცოდნენ, რომ ლიზი უბილავა დგას აქ და ვერც დაჭერით და ვერც სასამართლოებით ვერ შემაშინებთ ვერასდროს, - ამბობს უვილავა.
კიდევ ერთი ააქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ არცერთ პირს, ვინც ტროტუარის გადაკეტვის გამო სასამართლოში დაიბარეს, მოახლოებული პროცესები არ აშინებთ და არც ამაზე ფიქრით იღლიან თავს.
რომ გითხრათ, რომ ამ 23 ადამიანიდან ვინმე ნერვიულობს და ელოდება იმ პროცესს და უიმე, ძალიან განიცდის და რაღაცა, აბსოლუტურად არა. ბრძოლას არცერთი მათგანი არ შეწყვეტს. ოჯახის წევრებზე ძვირფასი არავინ გვყავს ადამიანს - შვილებზე, მეუღლეზე, მშობლებზე, მაგრამ ეს ადამიანებიც გაუტოლდნენ ჩვენი ოჯახის წევრების სტატუსს, - ამბობს აქციის მონაწილე.
ტროტუარზე დგომის ეპიზოდებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესებს 23 მოქალაქე ელოდება. მათ შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმულები.
საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც ტროტუარზე დგომაც დასჯადია. მოქალაქეებს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ.
უფრო მკაცრი სანქცია გათვალისწინებულია განმეორების შემთხვევაში: თუ პირი იგივე ქმედებას კვლავ ჩაიდენს, მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეფარდოს.