საქალაქოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იმართება

05.01.26 13:51
საქალაქოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ბრალდებულები დღევანდელ სხდომას პენიტენციური დაწესებულებებიდან დისტანციურად ერთვებიან. მათი ეტაპირება უქმეების გამო ვერ მოხერხდა. თუ პროცესი გაგრძელდება, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს.

ზურაბ ჭავჭანიძე სასამართლო პროცესს შიმშილობის ფონზე ესწრება - ის 21 ნოემბრიდან პროტესტის ამ ფორმას მიმართავს და, ადვოკატის თქმით, გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ 19-222-ე მუხლის (სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფურად) და 225-ე მუხლის (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.