სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას ბრალი პოლიციელებზე თავდასხმისთვის წაუყენეს - რას ყვებიან დაკავებულის ადვოკატი და რით იმართლებს თავს შსს
პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა თავისუფალია. მოსამართლე ლევან დარბაიძემ ლუკა თოფჩიშვილს ციხის კარი 10 000-ლარიანი გირაოს და შინაპატიმრობის სანაცვლოდ გაუღო. თავის მძიმე ტრავმა, ყბის და ქალის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები - ეს არასრული ჩამონათვალია, იმ დაზიანებების, რაც განსასჯელის სკამზე მყოფ თოფჩიშვილს აღენიშნება, თუმცა პოლიციელების ცემის გამო ბრალდებული მაინც ნაცემი ახალგაზრდაა.
პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულ ახალგაზრდას 7-წლიანი მუხლით ასამართლებენ, არადა ლუკა თოფჩიშვილი ყვება, რომ პოლიციელების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლი თავად გახდა. 3 იანვარს გორის პოლიციაში მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების დეტალები ლუკა თოფჩიშვილმა დღეს სასამრთლო პროცესზეც გაიხსენა.
ირკვევა, რომ ლუკა თოფჩიშვილი პოლიციელებმა ჯერ სცემეს, მრავალწლიანი პატიმრობით დაემუქრნენ და თან დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ თოფჩიშვილს ხელი ბრალდების დადგენილებაზე მოაწერინეს, თუმცა დღეს ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ პოლიციელის ცემას არ აღიარებს.
20 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო რომ ექიმები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად ბრალდებულის იზოლატორში გაშვებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა დღეს, მას შემდეგ რაც თოფჩიშვილის ცემის ამბავი მედიამ გააშუქა - ნაცემი ახალგაზრდა მოულოდნელად იზოლატორში ისე წაიყვანეს რომ ოჯახის წევრებსაც კი არაფერი უთხრეს.
"პირველების" მიერ მოპოვებული კადრები, სავარაუდოდ მტკიცებულებების განადგურების მცდელობას ასახავს - ვიდეო მასალაში ჩანს პოლიციის ის განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც 20 წლის ლუკა თოფჩიშვილზე ძალადობაში ამხილეს, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი - მოგვიანებით პოლიციელმა ახალგაზრდის სისხლის კვალის წაშლა სცადეს. ახლა მთავარი კითხვაა დაადებენ თუ არა ხელბორკილებს იმ პოლიციელებს ვინც ახალგაზრდა კაცი გონების დაკარგვამდე სცემა.
დაპირისპირება პოლიციელებს და ახალგაზრდებს შორის გორის ცენტრში გვიან ღამით, რესტორანთან დაიწყო. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ლუკა თოფჩიშვილის მეგობარი დააკავეს, რომელიც ადგილზევე სცემეს. მეგობრის დახმარება სცადა თოფჩიშვილმა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელებმა ისიც სცემეს და პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს.