რეკეტი ე.წ კანონიერი ქურდების სახელით? - რატომ ჩაცხრილეს 27 წლის ბიჭი?
ოქროთ მოვაჭრე მამ-შვილს შეირაღებულმა პირმა 10-მდე ტყვია სავაჭრო ჯიხურში ესროლა. სისხლიანი ანგარიშსწორების ოქროს მოწმე მოკლული ახალგაზრდა ბიჭის მამა. კაცი "პირველებთან" ჰყვება, რომ შვილის მკვლელობას საკუთარი თვალით შეესწრო. მისი თქმით, ტრაგედიას წინ უძღოდა მუქარა და დაშინება. ბაირამოვების ოჯახს, რომლებიც ოქროთი ვაჭრობენ, უცნობი პირები ე.წ. კანონიერი ქურდის - "ფოლადას" სახელით უკავშირდებოდნენ და ბიზნეს წილებს თხოვდნენ.
ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა, რომელიც ოჯახის თქმით, ტერორისა და შანტაჟის მსხვერპლი დიდი ხნის განმავლობაში იყო - ამ კითხვაზე პასუხს ახლა სამართალდამცველები ეძებენ. მოკლულის მამა ამბობს, რომ ფულის გამოძალვის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდათ, ხოლო ზეწოლა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ მარნეულში თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობს. ადგილობრივები ღიად საუბრობენ შიშზე და ამბობენ, რომ ქალაქში შექმნილი ვითარება 90-იანი წლების მძიმე პერიოდს ახსენებთ, როცა კრიმინალური გავლენები ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახებოდა. მოსახლეობის თქმით, ბოლო პერიოდში სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტები გახშირდა, სამართალდამცველების მხრიდან კი პრევენციული ღონისძიებები საკმარისად ეფექტური არ არის. ისინი შიშობენ, რომ თუ რეაგირება დროული არ იქნება, კრიმინალური დაჯგუფებები დანაშაულის ჩადენას კვლავ გააგრძელებენ.
დანაშაულის ადგილას რამდენიმე ათეული სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, გავრცელებულ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერიტორიას ცეცხლსასროლი იარაღით ტოვებს. როგროც სისხლიანი ანგარიშსწორების თვითმხილველები "პირველებთან" ყვებიან შეიარაღებულ თავდამსხმელს სახე დაფარული არ ჰქონდა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი ტაქსით დატოვა.