რუსული ნავთობის გზა - როგორია სქემა, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამუშავებს

05.01.26 20:31
რუსული ნავთობის გზა - როგორია სქემა, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამუშავებს

გზა, რომელსაც რუსული ნავთობი ევროკავშირში მოსახვედრად გადის გრძელია, ერთ-ერთი შუა წერტილი კი საქართველოა. "აი ფაქტის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს, ვინ მონაწილეობს რუსული ნავთობის ყიდვა-გაყიდვაში. საქმეში სულ სამი კომპანია ჩანს - მუშაობს რამდენიმე სქემა - პირველი შემოვლითი იმპორტია, საქართველომ უზბეკური ნავთობი იყიდა, რომელიც რეალურად სანქცირებული "როსნეფტის" ნავთობი აღმოჩნდა და შემდეგ ნიდერლანდებში გაყიდა - მხოლოდ 2024 წელს 60 ათას ტონა. ამ სქემის უკან "ჯეო ლოჯისტიკი" დგას - კომპანიის მეწილე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შვილის სიმამრია.

არსებობს მეორე სქემაც - ნავთობის შემოტანა და გადამუშავება, შემდეგ კი ევროკავშირში გატანა. "აი ფაქტმა" გაარკვია, რომ სქემას "ზდ ნავთობის" კომპანია ამუშავებს. "გაზპრომის" შვილობილი კომპანიებისგან ნავთობს ყიდულობს და შემდეგ შვეიცარიაში ყიდის. 2022 წლიდან აქ 39 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი გავიდა. კომპანია პირადად ბიძინა ივანიშვილთანაა გადაჯაჭვული, მისი ძმის ალექსანდრე ივანიშვილის გავლით.

შემოვლითი იმპორტი, დროებით დასაწყობება, გადამუშავება - საქართველოში ყველა სქემა ამუშავებულია, რომ რუსეთს ცხოვრება გაუმარტივდეს. "აი ფაქტმა" გაარკვია, რომ ნავთობით ვაჭრობა დავიწყეთ საბერძნეთშიც. 37 ათასი ტონა ორ წელში გავიტანეთ. ეს უკვე "რუსთავოილის" დამსახურებით, რომელიც წლებია რუსეთიდან ნავთობს ყიდულობს. კომპანიის უკან მაკა ასათიანის შვილი დგას. თავად მაკა ასათიანი კი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელია. აქ პირველი რუსული ნავთობი ორი თვის წინ შემოვიდა, დასნქცირდა კომპანიაც - "როსნეფტი" და ტანკერი "კაისერიც", რომელმაც ახლა სახელი შეიცვალა.

რუსული ნავთობის გადამუშავების თუ ტრანზიტის სქემაში სულ სამი კომპანია ჩანს, ყველა "ქართულ ოცნებასთანაა" კავშირში. მეტიც, ქარხანა ხან ნაჩუქარ ტერიტორიაზე შენდება, ხან სახელმწიფო აფინანსებს, როგორც ეს ყულევის შემთხვევაში ხდება. საბოლოოდ, რუსული ნავთობი ამ კომპანიების დახმარებით ფორმას ან ეტიკეტს იცვლის და ევროპაში გადის. ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია, ხელისუფლებამ არ იცოდეს.

დეტალებით ლიკა ჯანყარაშვილი