კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაცია - რა გამოხმაურება მოჰყვა მადუროს დაკავებას

06.01.26 12:21
კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაცია - რა გამოხმაურება მოჰყვა მადუროს დაკავებას

ნიუ-იორკში მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის პროცესის პარალელურად, კოლუმბიის მოწვევით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა მადუროს დასაკავებლად შეერთებული შტატების მიერ კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო.

სხდომაზე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, აშშ ქვეყნის ოკუპაციას არ ახორციელებს და ვენესუელას პრეზიდენტის  დაკავება სამართალდამცავი ორგანოების ოპერაცია იყო. 

საქმე დასავლეთ ნახევარსფეროს ეხება, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ ნახევარსფერო შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების, კონკურენტებისა და მეტოქეობის მიერ ოპერაციების ბაზად იქნეს გამოყენებული. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, ვენესუელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს. ჩვენ არ ვახორციელებთ ქვეყნის ოკუპაციას. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების ოპერაცია," - თქვა მაიკ უოლცმა. 

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილ ნებენზიამ შეერთებული შტატების მიერ კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აშშ-ს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ "თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარმა უზენაესმა მსაჯულმა".

შეერთებულ შტატებს არ უნდა მიეცეს უფლება, თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარმა უზენაესმა მსაჯულმა, ერთადერთმა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიჭრება, განსაზღვრავს დამნაშავეებს, დააწესებს სასჯელს და აღასრულებს მას, საერთაშორისო იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის კონცეფციების მიუხედავად.

განსაკუთრებით თვალში საცემია უპრეცედენტო ცინიზმი, რომლითაც ვაშინგტონს არც კი უცდია, შეენიღბა თავისი დანაშაულებრივი ოპერაციის ნამდვილი მიზნები - ვენესუელის ბუნებრივ რესურსებზე შეუზღუდავი კონტროლის დამყარება და ლათინურ ამერიკაში თავისი ჰეგემონიური ამბიციების განმტკიცება. ამგვარად, ვაშინგტონი ახალ იმპულსს აძლევს ნეოკოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს, რომლებიც არაერთხელ და გადამწყვეტად უარყვეს ამ რეგიონის და მთლიანად გლობალური სამხრეთის ხალხებმა," - განაცხადა ვასილ ნებენზიამ.

ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეერთებულ შტატებში განხილვა მიმდინარეობს უნდა ეთხოვა თუ არა ამერიკის ადმინისტრაციას კონგრესისთვის ვენესუელაში სპეცოპერაციის ჩატარება. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისის თქმით, შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ტრამპის სახით გამონაკლისი არ არსებობს - "პრეზიდენტმა სამხედრო ქმედება კონგრესის თანხმობის გარეშე განახორციელა". 

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ტრამპის სახით გამონაკლისი არ არსებობს. პრეზიდენტმა სამხედრო ქმედება კონგრესის თანხმობის გარეშე განახორციელა. ეს იყო სამხედრო და არა სამართალდამცავი ქმედება, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ახლა ადმინისტრაციის წევრები. უახლოეს საათებში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით დახურული შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ვაპირებ მოვისმინო დეტალები აღნიშნული ოპერაციის შესახებ. რა გეგმები არსებობს ახლა, როდესაც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის მართავს ვენესუელას? არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს დღეს ადმინისტრაციის მხრიდან და ამ კვირის ბოლოს, როდესაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მთელი წარმომადგენლობისთვის ბრიფინგს ჩაატარებენ," - თქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი კი თვლის, რომ "ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გადამწყვეტი და გამართლებული ქმედება იყო". 

ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გადამწყვეტი და გამართლებული ქმედება იყო. ნიკოლას მადურო პასუხისმგებელია ათასობით ამერიკელის სიკვდილზე, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში უკანონო ნარკოტიკებითა და ძალადობრივი კარტელის წევრებით ვაჭრობდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ ვართ ომში, არ გვყავს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ვენესუელაში და არ ვახორციელებთ ამ ქვეყნის ოკუპაციას. ჩემი ზოგიერთი კოლეგის მტკიცების მიუხედავად, "ომის უფლებამოსილების შესახებ" კანონის თანახმად, არ არსებობს კონგრესის წინასწარი თანხმობის ან წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა," - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.

გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.

მსგავსი სიახლეები