საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

06.01.26 15:39
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

თამბაქო გაძვირდა - 1 იანვრიდან ფასმა თითქმის ყველა სახეობის სიგარეტზე მოიმატა.

როგორც "პირველებს" თამბაქოთი მოვაჭრეები ეუბნებიან, იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა. 

ზოგიერთი მოვაჭრე თამბაქოს გაყიდვისგან დროებით თავს იკავებს, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდება.

გაყიდვა შეჩერებული მაქვს, ვიდრე ფასები განისაზღვრება, - ეუბნება "პირველებს" მოვაჭრე. 

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ სიგარეტზე ფასის მატება ვერ გახდება მწეველისთვის თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზი. ბესიკ დონაძის თქმით, ადამიანები უფრო იაფი ალტერნატივის ძებნას დაიწყებენ, რაც, ბუნებრივია, უხარისხო იქნება. 

ზოგადად, ნებისმიერი გადასახადის მატება მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, თორემ რაც შეეხება კონკრეტულად აქციზის მომატებას, ეს არის ისეთი გადასახადი, რომელიც მყისირად აისახება პროდუქტების სარეალიზაციო ფასზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიგარეტს, სიგარეტის მომხმარებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ფასის გამო მას თავს არ დაანებებს, ეს მძიმე ტვირთი იქნება მისთვის, ამიტომ დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას ანუ უფრო იაფი და უხარისხო სიგარეტის ძებნას გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში არ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, არ არის მაღალი ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრება, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

ინფორმაცია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდებოდა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურეს "ქართული ოცნების" წევრებმა.

სადავო პარლამენტში გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღეს.

კანონპროექტების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები (შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი) იყვნენ. მათ განმარტებით ბარათში ჩაწერეს, რომ მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“.

  • ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება;
  • იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე (85 თეთრით) იზრდება.

ამავე კანონით, ცალკე გამოიყოფა ქართული ნედლეულით (35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) დამზადებული სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზი. თუკი აქამდე აქციზის ფასი 1,9 ლარი იყო, ახლა 1,3 ლარამდე შემცირდა.