ჰყავდა თუ არა მფარველები ქილერს, რომელმაც მარნეულში 27 წლის ბიჭი ჩაცხრილა - თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია
მარნეულის ბაზარში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 27 წლის საჰიბ ბაირამოვი საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. შემთხვევის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერებმა სრულად დააფიქსირა, თუმცა მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია. ოჯახი ღიად საუბრობს შეკვეთილ მკვლელობაზე, ბიზნესრეკეტსა და სავარაუდო მფარველობაზე.
ბაირამოვების თქმით, ტრაგედიას წინ სისტემური მუქარა და დაშინება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახს უკავშირდებოდნენ უცნობები, რომლებიც თავს „კანონიერი ქურდების“ სახელით აცნობდნენ და ოქროთი ვაჭრობის ბიზნესში წილის დათმობას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მუქარები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებდა და მომხდარს სწორედ ბიზნესრეკეტსა და შეკვეთილ მკვლელობას უკავშირებენ, სამართალდამცავებს კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
შეიარაღებული პირი მომხდარის შემდეგ მარნეულის ცენტრს ტაქსით გაეცალა - ეს ფაქტი კამერების ჩანაწერებით დასტურდება. გავრცელებული ცნობით, მისი გადაადგილების კვალი კახეთის ერთ-ერთ სოფელში იკარგება.
პასუხგაუცემელია კითხვა: როგორ შეძლო თავდამსხმელმა გაქცევა და დატოვა თუ არა საქართველოს ტერიტორია მაშინ, როცა პოლიციამ მისი დაკავება ვერ უზრუნველყო.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.