"თავს კატეგორიულად უდანაშაულოდ მივიჩნევ“ - გიორგი მიქაძე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე დანაშაულს არ აღიარებს - „თავს კატეგორიულად უდანაშაულოდ მივიჩნევ“ - ეს იყო განცხადება, რომელიც სხდომათა დარბაზში ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა გააკეთა. მან ასევე დააფიქსირა პოზიცია, რომ ყველა პროცესს დაესწრება და ბოლომდე ჩაერთვება სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ ჩვენებასაც მისცემს.
დღევანდელ პროცესზე განსასჯელის სკამზე მხოლოდ გიორგი მიქაძე იჯდა. რაც შეეხება დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს, საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე დღეს არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი პროკურატურის გადაწყვეტილებით გადაიდო.
მიქაძეების ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე ამბობს, რომ პროკურატურას მტკიცებულებების სერიოზული პრობლემა აქვს.
კრიტიკულად მტკიცებულებების პრობლემა უდგას ამ სისხლის სამართლის საქმეს. სამწუხაროდ, 5 თვსი თავზე, მას შემდეგ, რაც ბრალდებულები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მზად იყო, რომ ამ მტკიცებულებების ფაქტობრივად ძალიან დაბალი სტანდარტის შესახებ ეთქვა, თუმცა სხდომა გადაიდო. მომდევნო პროვესზე იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა", - ამბობს მიქაძეებსი ადვოკატი შორენა ნიქაბაძე.
შემდეგ პროცესებზე ბრალდების მხარესთან დიდ ბრძოლას აანონსებს მიქაძეების კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი.
რთული და დიდი ბრძოლა დაიწყება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის, ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ აზრსა და რეალურ მტკიცებულებებს შორის. არც მიქაძეებსა ფარცხალაძესთან, ან ფარცხალაძეს ჯანგველაძესთან ან ამ ყველას ერთად ან ცალ-ცალკე რაიმე საერთო ბიზნესსაქმიანობა არ ჰქონიათ. ან მათ ურთიერთობას და ერთობას ადასტურებს რაიმე მტკიცებულება, ასეთი რამე წარმოდგენილი არ გახლავთ და ასე მონათვლის და იარლიყის მიკვრით, შეგვიძლია ნებისმიერი ერთობა ან ურთიერთობა გამოვაცხადოთ დანაშუალებრივ ჯგუფად", - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.