კრემლი ევროპას ემუქრება
კრემლი ევროპას ემუქრება - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ უკრაინაში განლაგებული "უცხოური ძალები ლეგიტიმურ საბრძოლო სამიზნეებად ჩაითვლებიან".
ზახაროვას თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების განლაგება ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას ირდაპირ საფრთხეს შეუქმნის.
მისი თქმით, უკრაინაში „კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით არის შესაძლებელი“.
„დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება უცხოური ინტერვენცია იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას. ყველა მსგავსი დანაყოფები და ობიექტები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან.
ვადასტურებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების მოგვარებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაბრუნებით, მისი დემილიტარიზაციითა და დენაციფიკაციით, კიევის მიერ ეთნიკური რუსების, რუსულენოვანი მოქალაქეების და ეროვნული უმცირესობების ენობრივი, კულტურული და რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემით, ასევე, ამჟამინდელი ტერიტორიული რეალობის აღიარებით“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფრომაციით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, უკრაინაში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნონ.