ზურაბ მენთეშაშვილი და ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობას აგრძელებენ - როგორია პატიმრების მდგომარეობა
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე 55 დღეა, ხოლო გზის გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი 69 დღეა ციხეში შიმშილობას აგრძელებენ.
ადვოკატების ცნობით, შიმშილობის გამო ორივე პატიმარს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლეები აღენიშნებათ. უფლებადამცველების განცხადებით, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯემალ ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ექიმები დღეში 2-ჯერ ხვდებიან.
ზურაბ მენთეშაშვილი 30 ნოემბრიდან შიმშილობს, როგორც კი დააკავეს იმ დღიდან. მას არცერთი წუთით არ შეუწყვეტია შიმშილობა. ბოლოს ვნახე სასამართლო პროცესზე და შემდეგ არ შევხვედრივარ, დასვენების დღეები დაემთხვა. მას ექიმები ხვდებიან დღეში 2-ჯერ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. თავს, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს, ვინაიდან მოგეხსენებათ 61 წლის ადამიანი არის. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ადამიანია, რომელიც გზის გადაკეტვის გამო დააკავეს [სისხლის სამართლის წესით]. საქმეში ერთადერთი რაც დევს ეს არის დროშები და ამ შემთხვევაში დევს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ვიღაცა პირი, თუმცა არ ვიცით ეს ვინ არის, ზურაბ მენთეშაშვილია, თუ სხვა პიროვნებაა," - ამბობს ადვოკატი, ჯემალ ჭკადუა.
ზურაბ ჭავჭანიძის უფლებადამცველი, ნინო ლომინაძე განმარტავს, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პირი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.
ნინო ლომინაძის განმარტებით ზურაბ ჭავჭანიძეს "სამედიცინო მომსახურება სრულყოფილად მიეწოდება და ამ კუთხით პრეტენზია არ გააჩნია".
ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობს, რომ სახელმწიფო ბრალდება მას ედავება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას ხელში ჩაგდების მიზნით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მისთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და გამოხატავს პროტესტს ამ ფორმით, ვინაიდან ძალადობრივი ქმედება ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებაში პრაქტიკულად შეუძლებელია დადასტურდეს და თავად ზურაც უარყოფს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.
უკვე 4 იანვარს ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახა შიმშილობა, რა თქმა უნდა, დასჭირდა მას სამედიცინო ჩარევა და შესაბამისად ექიმის მომსახურება, თუმცა მისივე ინფორმაციით და გადმოცემით, მას სამედიცინო მომსახურება სრულყოფილად მიეწოდება და ამ კუთხით პრეტენზია არ გააჩნია," - თქვა ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ.
ცნობისთვის:
-
ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში აქციის დროს დააკავეს. სოხუმიდან დევნილი აქტივისტი, გასული წლის ნოემბრიდან, საჯაროდ აკრიტიკებს და აპროტესტებს "ივანიშვილის ხელისუფლების" პოლიტიკას, რომელსაც რუსულ კურსს უკავშირებს.
-
ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.