ნიკოლოზ ჯავახიშვილის პასუხი: მივმართავ ქოც-რუსებს, ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ
მივმართავ ქოც-რუსებს, ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, - ასე პასუხობს სინდისის პატიმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი "ოცნების" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ შეწყალებას. ჯავახიშვილის ამ განცხადებას რეზო კიკნაძე აქვეყნებს.
პატიმარი დეტალურად აღწერს 7 იანვარს პენიტენციურ დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, სატელეფონო ზარის დროს, პირდაპირ ეთერში საუბრისას, კავშირი განზრახ გაუთიშეს და საკანში დააბრუნეს, რის შემდეგაც მთელი დღის განმავლობაში მას და სხვა პატიმრებს დარეკვის შესაძლებლობა აღარ მიეცათ.
ჯავახიშვილის თქმით, პირდაპირ ეთერში ტელეფონის გათიშვა მიზნად ისახავდა, მისი ხმა მხარდამჭერებამდე არ მისულიყო. ამასთან, იგი ხაზგასმით აცხადებს, რომ არც ციხეში მოხვედრამდე შეუწყვეტია პროტესტი და არც ახლა აპირებს გაჩერებას.
ამ ტექსტის დაწერა და რაღაცეების ჩამატება უკვე მესამედ მიწევს, ვეცდები მოკლედ გითხრათ თუ რა ხდება ციხეში, გუშინ 7 იანვარს, როცა დასარეკად გამოვედი, დავურეკე მარიზი დეიდას, ვიცოდი პირდაპირ ეტერში უნდა მელაპარაკა, როცა ვთქვი “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და რა კარგები ხართ", გამათიშინეს და დამაბრუნეს საკანში, შემდეგ მთელი დღე არ დაგვარეკინეს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის წესები, ფურცლის ფრიალი, სანთლის ანთება, დროშის ფრიალი, ხმამაღალი საუბარი საკნიდან. საღამოს პენიტენციალური სამსახურის თანამშრომელთანაც გვქონდა კამათი, იმის გამო, რომ ვეუბნებოდით რომ უსამართლოდ გვექცევა, ეს არის პირდაპირი შევიწროვება. მივმართავ რამაზ ფირცხალავას შეგვხვდეს ამ განცხადების შემდეგ მაინც, უკვე 17 წერილობითი განცხადება გვაქვს გაგზავნილი შეხვედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ტელეფონი გამათიშინეს, რომ ჩემი ხმა არ მიმეწვდინა თანამებრძოლებისთვის. კარგად დაიმახსოვრეთ, სანამ ციხეში უსამართლოდ გამომკეტავდით არც მაშინ გავჩერებულვარ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას, ვერ გაგვაჩუმებთ, ცეცხლი ოლიგარქიას. ახლა კი იმას წაგიკითხავთ, რისი თქმაც ეთერში მინდოდა გუშინ: “ახლა გისოსებიდან გიყურებთ და ნეტა იცოდეთ რა კარგები ხართ, ყველა ქმედების გამო შეიძლება დაგვშალონ და ცალ-ცალკე საკნებში გადაგვიყვანონ, გიხდით დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს წელი ყოფილიყოს დაუმორჩილებლობის და გამარჯვების წელი, ორიოდ სიტყვით მივმართავ ქოც-რუსებს - ეგ შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. როგორც მადუროს რეჟიმი დაემხო, დაე ისე დაემხოს ბიძინას რეჟიმი. მთავარია გვახსოვდეს ქოცებმა რა დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გვახსოვდეს რომ ქიმიური იარაღით მოგვწამლეს და გვახსოვდეს რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი. მოკითხვა და დიდი სიყვარული 38-ე საკნიდან, მალე თავისუფლებაზე და გამარჯვებულები, სიყვარულით 38-ე საკანი, - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.