შეხვედრა საპატრიარქოში და პასუხგაუცემელი კითხვები - რა გზავნილები ჩამოიტანა საქართველოში პრორუსმა ბიზნესმენმა
რა მისიით იმყოფებოდა საქართველოში პუტინის მხარდამჭერი ბიზნესმენი და რუსეთის აგენტად მიჩნეული ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი - ამის შესახებ თავად ფიფია სოციალურ ქსელში წერს.
ფეისბუქპოსტიდან ირკვევა, რომ პრორუსი ბიზნესმენი საქართველოს პატრიარქს შეხვდა და მასთან „დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე“ ისაუბრა. "პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად ფიფიასთან სცადა, თუმცა მან მთავარ კითხვაზე პასუხი არ გასცა - განიხილებოდა თუ არა საპატრიარქოში მისი მთავარი ინიციატივა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება.
შეხვედრის ფაქტს ადასტურებს საპატრიარქოს წარმომადგენელი, გიორგი ზვიადაძე. მისი თქმით, აუდიენცია მართლაც შედგა, თუმცა ვინ იყო შეხვედრის ორგანიზატორი, მისთვის უცნობია.
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მხოლოდ იუბილეს მილოცვით შემოიფარგლა. მისივე თქმით, რაიმე პოლიტიკური საკითხის განხილვას ადგილი არ ჰქონია.
მამუკა ფიფია არის კრემლისტური პოლიტიკური გაერთიანების, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი. აღნიშნული ჯგუფი ღიად მოითხოვს:
- რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას
- ოკუპანტ ქვეყანასთან გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმების გაფორმებას
- საქართველოს რუსეთის გავლენის ორბიტაში დაბრუნებას
პრორუსული ჯგუფების ე.წ. „საჯარო დიპლომატიის“ ფონზე წარსულში განხორციელდა არაერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული ოცნება მიესალმა. მათ შორისაა:
- რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა
- ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
ამ ეტაპზე ღიად რჩება კითხვა - რა გზავნილებით ჩამოვიდა პრორუსი ბიზნესმენი საქართველოში და განიხილებოდა თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ივანიშვილის გუნდთან.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.