გიორგი მიქაძე საბრალდებო სკამზე - რა თქვა პროცესზე ბრალდებულმა და რას ამტკიცებს დაცვის მხარე

08.01.26 20:37
გიორგი მიქაძე საბრალდებო სკამზე - რა თქვა პროცესზე ბრალდებულმა და რას ამტკიცებს დაცვის მხარე

გამოძიების მიერ ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში დასახელებული გიორგი მიქაძე დღეს სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა.

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა, მოსამართლის შეკითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: „კატეგორიულად არა“.

უვადო თავისუფლების აღკვეთის მუხლით დაკავებულმა გიორგი მიქაძემ განაცხადა, რომ გეგმავს დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას და საკუთარი უდანაშაულობა თავად დაამტკიცოს.

ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. უკვე ხუთი თვეა, რაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მკვლელობის ორგანიზატორები, რომელთაგან ორი პირი ძებნილია. დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.

ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურა ვერ ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობით დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობას და მათ შეფასებით, საქმე ბრალდებულების წინააღმდეგ „იკერება“.

გამოძიების ვერსიით, ლევან ჯანგველაძე ბიზნესდაპირისპირების მსხვერპლი გახდა. როგორც საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, კრიმინალური ავტორიტეტის ძმა საქართველოში სიგარეტისა და ალკოჰოლის იმპორტს გეგმავდა, რა დროსაც მისი ინტერესები ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან გადაიკვეთა.

სწორედ ამ მოტივით და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის დავალებით, გამოძიების მტკიცებით, ძმებმა მიქაძეებმა და გიორგი ჯოხაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმეს. საქმის მასალების მიხედვით, 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ქილერად დაიქირავეს - გიორგი ჯოხაძის ყოფილი დაცვის წევრი, ხოლო მკვლელობის იარაღი უკანონოდ შეიძინეს ამავე საქმეზე ბრალდებული სანდრო წივწივაძისგან.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები