არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები შტატების მიერ დაკავებულ რუსულ ტანკერზე?
შეერთებულმა შტატები რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. აშშ-ის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი „მარინერა“ დააკავეს, მაშინ, როდესაც გემი ბრიტანეთსა და ისლანდიას შორის საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა.
ამერიკული მხარის განცხადებით, რამდენიმე კვირიანი დევნის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. აშშ-ის მტკიცებით, ტანკერი ვენესუელური სანქცირებული ნავთობის რუსეთისთვის ტრანსპორტირებას ახორციელებდა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და ეკიპაჟი გასროლის გარეშე აიყვანეს.
ტანკერი „მარინერა“ აშშ-ის მიერ ჯერ კიდევ 2024 წელს იყო სანქცირებული. მისი დაკავების ოპერაციაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა. დასავლეთის შეფასებით, აღნიშნული ჩრდილოვანი ფლოტი წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს, რომლითაც მოსკოვი დასავლურ სანქციებს გვერდს უვლის და სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებას ვენესუელიდან ახორციელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩრდილოვანი ფლოტის განეიტრალება ევროპის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ტანკერის დაკავებიდან რამდენიმე საათში, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. კრემლის კონტროლირებადი არხების ცნობით, ტანკერზე 28 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ექვსი საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნულ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებენ არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვრცლად ნაახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.