მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია - გუდაურში სავალალო მდგომარეობაა
საპარკინგე ადგილების მწვავე დეფიციტის გამო გუდაურში შესასვლელი გზა პრაქტიკულად ჩახერგილია. რთული მდგომარეობაა შიდა გზებზეც, რის გამოც მძღოლები იძულებულები არიან, ტურისტები ავტომობილებიდან სასტუმროებიდან საკმაოდ მოშორებით ჩამოსვან.
სტუმრებს თოვლსა და ტალახში, ჩემოდნებით, გრძელი გზის გავლა უწევთ სასტუმროებამდე მისასვლელად, რაც უკმაყოფილებას იწვევს.
პრობლემებს ემატება ანტისანიტარული მდგომარეობაც - შიდა გზებზე ნაგავი ურნებთან რამდენიმე სართულად არის დაყრილი, ტერიტორია კი ფაქტობრივად არ იწმინდება.
სათხილამურო ტრასებზე დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით ქვები, რაც სრიალის მოყვარულებისთვის უსაფრთხოების სერიოზულ რისკს ქმნის. ამასთან, საბაგიროების ნაწილი გამორთულია და არ ფუნქციონირებს.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება კურორტის რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს. მათი თქმით, თუ პრობლემები დროულად არ მოგვარდა, გუდაურში ერთხელ ჩამოსულ ტურისტს მეორედ დაბრუნების სურვილი აღარ ექნება.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.