კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს
კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - შინაგან საქმეთა სამინისტროს კინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 51 წლის ლ.ჩ. (ლევან ჩიტაშვილი) დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოფელ შილდაში მოკლული კაცი 48 წლის ნოდარ ასაბაშვილია. მეზობლებს შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო, გუშინ კი მკვლელობით დასრულდა. როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, მკვლელობის მოტივი ქალზე ეჭვიანობა გახდა.