ვინ მოგვწამლა? - აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ახალ კამპანიას იწყებენ

09.01.26 13:29
ვინ მოგვწამლა? - აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ახალ კამპანიას იწყებენ

"დაგვეხმარეთ" - მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ახალ კამპანიას იწყებენ. ხალხი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, დაიწყონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და დაადგინონ რა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით დაარბიეს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ერთი წლის წინ.

ვიდეორგოლი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოამზადეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ადამიანები საკუთარ ისტორიებს იხსენებენ და ყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება დარბევების შემდეგ.

დაახლოებით ერთი წელია, თავის ტკივილი მაქვს შეუჩერებელი, რომელიც არცერთ წამალს არ ემორჩილება. მაქვს უძილობა, რადგან თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება ის ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, რეალურად ზუსტად არ მახსოვს, იმიტომ, რომ მაშინ გონება დავკარგე. ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცი, რა მჭირს. 

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ეს არის აუცილებელი, რათა დადგინდეს ონრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული. ასევე, დამნაშავეები დაისაჯონ, - ამბობს დაზარალებული. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახეში წყლის ჭავლი შეესხა, მხედველობა, ფაქტობრივად დაკარგა. მისივე თქმით, დასჩემდა თავბრუსხვევები და გადაადგილებაც კი უჭირს.  

მიჭირს სიარული, თავბრუსხვევები მაქვს ძლიერი და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ მედველობა ისე დავკარგე, რომ ფაქტობრივად ვეღარ ვხედავ. პირდაპირ სახეში შემესხა ეს სითხე, ჭავლი რომ გამოუშვეს და ძალიან დამეწვა. იმდენად დამეწვა და ისე ცუდად გავხდი, რომ გონება დავკარგე. 

ამათმა რა უნდა გამოიძიონ? ამათგან არაფერი გამიკვირდებოდა, იმიტომ, რომ რაც ამათმა სასაკლაო მოაწყვეს და რასაც ჩემი თალებით ვუყურებდი, ჩემი შვილის ტოლ ბავშვებს რაებს უკეთებდნენ, ამათგან რა უნდა გამიკვირდეს?, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.  

მძიმე შედეგებზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.  

ძირითადად ფილტვის და გულის პრობლემები იყო, მიჭირდა სუნთქვა, გადაადგილება, ვეღარ ვვარჯიშობდი, ვეღარ ვახერხებდი, რომ სამსახურში მევლო და მემუშავა. აგერ, ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა ეს ყველაფერი, იგივენაირად გრძელდება, სისხლდენები ცხვირიდან, გადაადგილების პრობლემები, - ამბობს აქციის მონაწილე.  

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

 

მსგავსი სიახლეები