"გული გაქვთ საერთოდ?" - ხმაური სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლოზე
ცოტა ხნის წინ მცირე ხმაური იყო სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესზე - ერთ-ერთი დაკავებული, კონსტანტინე კოკაია სიტყვიერად დაუპირისპირდა პროკურატურას, დაინტერესდა სახელმწიფო ბრალდება რატომ მალავს კადრებს, სადაც ნათლად ჩანს სპეცრაზმელები რა მანძილიდან ცდილობენ მის დაზიანებას და როგორ იყენებენ წიწაკის სპრეის.
კოკაიამ აღნიშნა, რომ ორი თვის მანძილზე ამის გამო მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ციხეში კი მისთვის სათვალეც არ შეატანინენს.
„მარტო ეს რატომ მოიტანეთ? ჩემი თვალის დაზიანებას რატომ არ აჩვენებთ? თვალი როგორ დამიზიანა პოლიციელმა, რამდენ სანტიმეტრზე შემასხა, რატომ არ აჩვენებთ? მაშინ მხედველობა დამაკლდა,იცით? ორთვენახევარი სათვალე არ მომიტანეს ციხეში. რაც არ გინდათ, იმას არ აჩვენებთ, არა?",- განაცხადა კოკაიამ.
კოკაიამ ასევე სასამართლოზე თქვა, რომ გულის პრობლემები აქვს, რის შემდეგაც უკვე სხვა ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ მიმართა კონსტანტინე კოკაიას - "უგულოები არიან, დაჯექი, შენ გული მაინც გაქვს.... გული გაქვთ საერთოდ?"
კოკაიამ მოსამართლეს ჰკითხა, იცის თუ არა, „რა არის 5 შუნტი".
ამის შემდეგ მოსამართლემ კოკაიას გაფრთხილება მისცა.
სასამართლოს შეურაცხყოფის გამო გაფრთხილებული ხართ, განმეორების შემთვევაში დატოვებთ დარბაზს - განაცხადა მოსამართლემ.
შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
უფრო კონკრეტულად:
- გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.