პროევროპული პარტიების აკრძალვა არჩევნებს აზრს დაუკარგავს - TI

09.01.26 14:06
პროევროპული პარტიების აკრძალვა არჩევნებს აზრს დაუკარგავს - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ აცხადებს, რომ პროევროპული პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი „ქართული ოცნების“ რეჟიმის მცდელობაა პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებისკენ, რომლის დაკმაყოფილებაც ქვეყანაში არჩევნებს აზრს დააკარგვინებს და წარმომადგენლობით დემოკრატიას დაასრულებს. ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სარჩელი საერთოდ არ მიიღოს განსახილველად, ან უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი ფრაქციების წარმომადგენელი ე.წ. პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელი სამი ძირითადი პროევროპული პარტიის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებეისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“  (ასევე, პოტენციურად სხვა პარტიების) საქმიანობის კონსიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ[1] წარმოადგენს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის ძალისხმევას, რომ გზიდან ჩამოიშოროს ძირითადი კონკურენტები. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ყოველგვარ აზრს დაკარგავს ნებისმიერი მომავალი არჩევნები და დასრულდება წარმომადგენლობითი დემოკრატია.
კონსტიტუციური სარჩელი წინააღმდეგობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეხედულებებთან პლურალისტური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საქმეში პარტიების როლის თაობაზე, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში პარტიების თავისუფლებას ეხება.
აღნიშნული პრინციპების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთ ვითარებაში, როდესაც პარტიის საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, დემოკრატიას მყისიერი და რეალური საფრთხე ემუქრება, რომლის თავიდან აცილება სხვა, ნაკლებ რადიკალური ზომის გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელია.
სწორედ ასეთი მკაცრი მიდგომის გამო, ისტორიულად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკუთრივ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გამართლებულად მხოლოდ სამ საქმეში ცნო, რომელთაგან ერთი ეხებოდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას, ერთი თურქეთის რადიკალური ისლამისტური მიმართულების პარტიას, და ერთიც ბასკური ტერორისტული ორგანიზაცია „ეტა“-ს მეთოდების გამამართლებელ პარტიას. ყველა სხვა შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან რეგისტრაციაზე უარი დემოკრატიულ საზოგადოებაში არააუცილებელ ზომად იქნა მიჩნეული.
კონსტიტუციური სარჩელი არის მოკლებული მტკიცებულებით საფუძველს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მას თან ერთვის, არის ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, კომისიისა, რომელიც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შეიქმნა და რომლის მანდატი შორს სცილდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ჩარჩოებს, რის გამოც ამ კომისიის დასკვნას იურიდიული ძალა არა აქვს.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეების შეფასებები არ შეესაბამება პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის მიზნებსა და შემადგენლობას. კერძოდ უკიდურესად არადამარწმუნებელი და დაუსაბუთებელია მოსარჩელეების მსჯელობა, რომ თითქოს მოპასუხე პარტიების საქმიანობა კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული არაკონსტიტუციური მიზნების - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა. შესაბამისად, სარჩელი მოკლებულია იურიდიულ საფუძველს.
2004-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დროს ცალკეული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ვერ შეერაცხება ვერცერთ მოპასუხე პოლიტიკურ პარტიას.
დოკუმენტი, 2008 წელს რუსეთის აგრესიის და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას აკეთებს ისეთ დასკვნებსა და შეფასებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მასში განვითარებული მსჯელობა, სულ მცირე, რევერანსია რუსეთის ფედერაციის მიმართ და, მეტიც,  სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უნდა თქვას ამ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე, ანდა, თუ მან მაინც მიიღო იგი განსახილველად, უარი უნდა თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ვრცლად ნახეთ აქ.  

მსგავსი სიახლეები