მრავალწლიანი ციხე ყვავილის სროლისთვის - რა "მტკიცებულებები" დევს სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების საქმეში
დავით ღურწკაიას საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად სამწამიანი ვიდეო ფიგურირებს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრის ის ყვავილს სპეცრაზმელების მიმართულებით. ღურწკაია ე.წ. „ სასახლის ღობის საქმის“ ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიება მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ედავება.
ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ „პირველებს“ დღეს წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
ღურწკაიას საქმეში პროკურატურას სულ ორი ვიდეომტკიცებულება აქვს. მეორე ვიდეოში ახალგაზრდას, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ღურწკაიაა, სახე არ უჩანს, ასევე არ ჩანს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ღურწკაია ჯგუფური ძალადობის მონაწილეა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ხელისუფლების საგამოძიებო უწყება ედავება ასევე ია დარახველიძესაც. მისი საქმის მასალებშიც ორი ვიდეო ფიგურირებს.
კადრებში მხოლოდ ის ჩანს, რომ ბრალდებული მუსიკოსი ნაგვის ურნის გადაადგილებას ცდილობს. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული დარახველიძე აცხადებს, რომ იგი კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.