MRТ აპარატი, საიდუმლო შესყიდვა და ბრალდებები - რა ითქვა ბურჭულაძის პროცესზე

09.01.26 20:29
MRТ აპარატი, საიდუმლო შესყიდვა და ბრალდებები - რა ითქვა ბურჭულაძის პროცესზე

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოწმე, რომელიც დღეს პროცესზე ბრალდების მხარემ მიიყვანა, ბრალდების მოწმედ ვერ განიხილება. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ინტერესების დამცველის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხული მოწმე რეალურად ადასტურებს არა დანაშაულს, არამედ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები აპარატურის რეალურ ღირებულებასა და მისი დამონტაჟების სრულ ციკლს მოიცავდა. მისი თქმით, მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ აპარატურის შეძენა, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება დამატებით მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვდა, რაც პროკურატურის მიერ დასახელებულ ფასებში გათვალისწინებული არ არის.

ადვოკატის განმარტებით, ასეთ პირობებში საიდუმლო შესყიდვებში აუცილებელია მესამე რგოლის ჩართვა, რომელსაც შესაბამისი დაშვება აქვს, რაც კანონიერ პრაქტიკას წარმოადგენს და არა დანაშაულებრივ სქემას.

მოწმედ დღეს ვინც წარმოადგინა, ბრალდების მოწმედ ვერ განიხილება, იმიტომ, რომ მათი ჩვენების მიხედვით, ის ხარჯები, რაც აიღო თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მოგებით, თავისი მონტაჟით, მოწყობით და მიმდინარე ხარჯებით, საჭიროება იყო ამისი.

როგორც მოწმემ აღნიშნა, ამ აპარატურის დამონტაჟებას და საბოლოოდ მწყობრში მოყვანას აქვს სერიოზული ხარჯი დამატებული და ეს ხარჯი არ შედის იმ ფასში, რაც აქვს ბრალდებას გამოყვანილი.

სურვილი გაქვს თუ არ გაქვს, საჭიროება მოითხოვს, ჩაერთოს მეორე რგოლი, რომელსაც აქვს ამ საიდუმლო შესყიდვაზე დაშვება, - ამბობს ადვოკატი. 

სახელმწიფო ბრალდება კი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატურა ოთხჯერ უფრო ძვირად შეიძინა, რაც, პროკურატურის შეფასებით, მიუთითებს თანხების მითვისების ორგანიზებულ სქემაზე.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დღეს სასამართლოში დაკითხული ორი მოწმე იმ კომპანიებს წარმოადგენდა, რომლებმაც აპარატურა საქართველოში შემოიტანეს. მათი ჩვენების მიხედვით, ტექნიკა საბოლოოდ მხოლოდ 2025 წლის ივლისში დამონტაჟდა, მაშინ როცა მისი შეძენა ჯერ კიდევ 2023 წელს განხორციელდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ არსებობს სხვა მოწმეებიც, რომლებიც დაადასტურებენ, რომ შესყიდვის პროცესში გამოიყენებოდა არარეალური გარიგებები და სხვადასხვა კომპანიები, რაც თანხების შესაძლო მითვისებაზე მიუთითებს.

დღეს დაიკითხა ორი პირი, იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც უშუალოდ, პირველ რიგში, შემოიტანეს ერთის მხრივ, ეს აპარატურა. ეს იყო სხვადასხვა სახის აპარატურა სხვადასხვა დროს. არარეალური გარიგებებია შედგენილი ამ აპარატურის შეძენის პროცესში, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა კომპანიები. 

მოწმეები დაადასტურეს, რომ 2023 წელს შესყიდული სამედიცინო ტექნიკა საბოლოოდ დამონტჟდა 2025 წლის ივლისში. 

ბრალდების მხარე გეგმავს სხვა მოწმეების დაკითხვასაც, რომლებიც იგივეს დაადასტურებენ, იმიტომ, რომ ეს ყვველაფერი გამოკვეთს, რა მიზნები ჰქონდათ საქმეშ მონაწილე პირებს და როგორ აპირებდნენ გარკვეული თანხების მითვისებას, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისებას, - ამბობს პროკურორი.  

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე ილია გიორგობიანი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ  თავდაცვის ექს მინისტრთან დაახლოებულმა პირებმა მისგან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყიდეს. 

მოწმის ჩვენების თანახმად, შესყიდვის პროცესში მთავარი მოთხოვნა იყო, რომ როგორც შესყიდვა, ასევე სამედიცინო ინვენტარის განთავსების ადგილი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. 

მოწმემ სასამართლოზე თქვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წევრს აპარატზე დიდძალი თანხა დაუკლო.

 

მსგავსი სიახლეები