საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „CAMINERO“ დააკავეს
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „CAMINERO“ დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
ირკვევა, რომ გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.