"ოქროს კიდობანში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - „ოქროს ბირჟის“ დირექტორის პირველი კომენტარი
"ოქროს კიდობანში", მესამე სართულზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები ასურათებენ.
„ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
სონგულია ამბობს, რომ შენობა სპეციალური დეტექტორებით არის აღჭურვილი, რომელმაც განგაშის სიგნალი მაშინვე ჩართო, რის შემდეგაც ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია - "საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ".
სონგულიას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით 300 კვ მეტრამდე ფართია დამწვარი.
ხანძრის მიზეზს დაადგენს გამოძიება. „ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა. ყველაფერი რიგზე იყო, რა მოხდა ჩვენ თვითონ არ ვიცით, ალბათ, გამოძიება დაადგენს. უსაფრთხოება ეგრევე ჩაირთო, დაცვა ადგილზე იყო, რეაგირება ეგრევე მოხდა, სახანძროც 5 წუთში მოვიდა. დიახ დეტექტორებმა ჩართო (განგაშის სიგნალი)", - განაცხადა სონგულიამ.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც მოვაჭრეები "პირველებს" ეუბნებიან, ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად აალება საკვებ ობიექტში დაიწყო, კაფეტერიაში გაჩენილი ხანძარი კი გადავიდა ქსოვილების მაღაზიაზეც.
არის მოსაზრება, რომ მიზეზი ელექტროგაყვანილობის სისტემა. არის ზარალიც, თუმცა ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.