"სასამართლო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს" - რას ითხოვს სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი

10.01.26 15:20
"სასამართლო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს" - რას ითხოვს სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი

ზუგდიდში სასტიკად მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დახმარებას ითხოვს -  გარდაცვლილი ქალის ნათესავები ირწმუნებიან, რომ პროკურორსა და ბრალდებულის ადვოკატს, ნატრული აკობიას შორის არსებული თანამშრომლური ურთიერთობა საქმის განხილვას უშლის ხელს. 

მოკლული ქალის ოჯახს პროტესტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან არსებითი განხილვის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი გამოითხოვეს.

ნათია აფხაზავას მეუღლე სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს, ამბობს, რომ ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანის ადვოკატი, ნატრული აკობია მოსამართლეს სისტემატურად აჩერებს, საქმის პროკურორს კი არ აძლევს შესაძლებლობას
დაეყენებინა შუამდგომლობები.

ოჯახი ამბობს, რომ სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეო და აუდიო ჩანაწერის მოსმენის შემდეგ საპროკურორო სამმართველოს განმარტებებისთვის მიმართეს - "განმარტება იყო უკიდურესად შემაშფოთებელი — გვითხრეს, რომ ბრალდებულის ადვოკატი წარსულში მუშაობდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რის გამოც პროცესის
მონაწილეებს თითქოს „რიდი“ ჰქონდათ მის მიმართ".

ჩვენ, დაზარალებულის ოჯახი, სასამართლოსგან ველოდით საქმის ობიექტურ, მიუკერძოებელ და
სამართლიან განხილვას. თუმცა, უკვე პირველი არსებითი სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ისეთი
გარემოებები, რომლებმაც სერიოზული ეჭვი გააჩინა პროცესის კანონიერებისა და სამართლიანობის
მიმართ. კერძოდ, სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებულის ადვოკატი — ნატრული აკობია
სისტემატურად აჩერებდა მოსამართლეს, რის შედეგადაც საქმის პროკურორს არ ეძლეოდა შესაძლებლობა
დაეყენებინა შუამდგომლობები და სრულფასოვნად განეხორციელებინა საპროცესო უფლებამოსილება.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, დაზარალებულის ოჯახის წევრებმა მოვითხოვეთ შეხვედრა
საპროკურორო სამმართველოს ხელმძღვანელთან, რათა მიგვეღო განმარტება:

ჩვენთვის მიწოდებული განმარტება იყო უკიდურესად შემაშფოთებელი — გვითხრეს, რომ ბრალდებულის
ადვოკატი წარსულში მუშაობდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე, რის გამოც პროცესის
მონაწილეებს თითქოს „რიდი“ ჰქონდათ მის მიმართ.
აღნიშნული განმარტება წარმოადგენს დაუშვებელ,
აბსურდულ და კანონის უზენაესობის პრინციპთან შეუთავსებელ ფაქტს, რაც სერიოზულად აზიანებს პროცესს", - ამბობს მოკლული ქალის ქმარი. 

მოკლული ქალი გერმანიის მოქალაქეა, ამიტომ ამ საქმეში უკვე ერთვებიან გერმანელი დამკვირვებლებიც, დღეს დილით ასევე გერმანულ გაზეთში გამოვქეყნდა სტატიაც, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მკვლელობის გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს.

ნათია აფხაზავას ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს - მოკლული და ამბობს, რომ ნათია ხაჩატურიანი ციხეში უვადოდ უნდა იქნას გაშვებული. 

ჩემი და განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული. მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მკვლელმა მას 41 ჭრილობა მიაყენა. განსაკუთრებული სისასტიკით აწამა, წამებაში ამოხადა სული და მკვლელობის შემდეგაც აგრძელებდა დაზიანებების მიყენებას. ეს ყველაფერი მიუთითებს განსაკუთრებულ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე. 

საქმის განხილვა მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. პირველი სხდომიდანვე გამოვლინდა საქმის სერიოზული დარღვევები, ამიტომ, ჩვენ დაზარალებული ოჯახს გაგვიჩნდა სერიოზული ეჭვი სასამართლო პორცესის მიუკერძოებულობის მიმართ. 

არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე ფორმით, რამე გავლენა მოახდინოს სასამართლო პროცესზე.  მოვითხოვთ, რომ ჩემი დის მკვლელს გამოუტანონ სამართლიანი განაჩენი, უვადო თავისუფლებსი აღკვეთა", - ამბობს ნათია აფხაზავას და.  

ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი. 

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა. შემთხვევა ზუგდიდში 13 აგვისტოს მოხდა.