20 დღეში 8 წელი გახდება, რაც ვარკეთილის ჭერის რეაბილიტაციას აკეთებს კალაძე - ბესო დონაძე
მეტროსადგურ "ვარკეთილის" დაუსრულებელი რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ 3 თვით გადაიდო - კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ 20 დღეში 8 წელი გახდება, რაც ვარკეთილის ჭერის რეაბილიტაციას აკეთებს კახა კალაძე.
მისი თქმით, კალაძემ მოსახლეობა მოატყუა, როდესაც აგვისტოში თქვა, რომ რამდენიმე თვეში დაასრულებდა ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას და ეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე იყო გათვლილი.
დონაძის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში მეტროს რეაბილიტაციისთვის კალაძემ 15 მილიონზე მეტი დახარჯა.
20 დღეში გახდება 8 წელი, რაც ვარკეთილის ჭერის რეაბილიტაციას აკეთებს კალაძე, ოღონდ კარგად რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, ეს არ არის გადახურვა, ეს არის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. რა თქმა უნდა, თავისი სირთულეები ახლავს ამ ყველაფერს, რომლის შესახებაც ჩვენ 8 წლის წინ ვეუბნებოდით კალაძეს, რომ კომპანიები არ არის საქართველოში, რომელიც ამას გააკეთებს მარტივად და თავიდანვე უნდა დაეჭირა თადარიგი და მოეძიებინა უცხოური კომპანიები, რომელთაც ჰქონდათ ამ საქმეში გამოცდილება, მაგრამ, სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ კალაძე არის ცუდი მენეჯერი, მან არ იცის, როგორ უნდა მართოს პროექტები.
კალაძის აგვისტოს განცხადება, რომ რამდენიმე თვეში დაასრულებდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, ეს იყო ტყუილი და იყო გათვლილი საარჩევნო კამპანიაზე. 13 მილიონი არის დახარჯული. ამ 13 მილიონს სამუშაო პროცესში კიდევ დაემატა მილიონ 800 ათასი, ასევე მილიონ 300 ათასი, რომელიც არის ესკალატორის თაღის მოპირკეთება, იმიტომ, რომ ესეც დაზიანებული იყო და ამასაც უმალავდნენ მოსახლეობას, სანამ წერილი არ გავასაჯაროვე სატრანსპორტო კომპანიის", - აცხადებს ბესო დონაძე.
მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, 3 თვით გადაიდო. 30 დეკემბრის ნაცვლად, ოფიციალურ დოკუმენტებში უკვე ახალი ვადა - 31 მარტი ფიგურირებს.
ინფორმაცია და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ "ბადა ქონსტრაქშენს" შორის გაფორმებული შეთანხმება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2025 წლის 30 დეკემბერს აიტვირთა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ამ დრომდე არ დასრულებულა ზედა ვესტიბიულის 2025 წლის 5 სექტემბერს დაწყებული კვლევა-პროექტირების სამუშაოები.
კომპანია ვადის 30 მაისამდე გახანგრძლივებას მოითხოვდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანია 5 თვის ნაცვლად მხოლოდ 3 თვით გადავადებას დათანხმდა.