რა მოხდა სინამდვილეში „ოქროს კიდობანში“ და რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ?
სადგურის მოედნის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში „ოქროს კიდობანში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. მოვაჭრეები და მეწარმეები ცდილობენ გაარკვიონ, იყო თუ არა ცეცხლი შემთხვევითი ტექნიკური გაუმართაობის შედეგი თუ საქმე სხვა გარემოებებს ეხება.
თავდაპირველად მოვაჭრეების ნაწილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის სისტემა იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სავაჭრო ცენტრში მოქმედებს სპეციალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ხანძრისა და სხვა რისკების პრევენციას უნდა უზრუნველყოფდეს, რაც ოფიციალურ ვერსიასთან კითხვებს აჩენს.
ცეცხლი თავდაპირველად მესამე სართულზე მდებარე კაფეტერიაში გაჩნდა, რის შემდეგაც იგი ქსოვილების მაღაზიაზე გავრცელდა. დილიდან დამწვარ ტერიტორიაზე კრიმინალისტი ექსპერტები მუშაობენ, რომელთაც ხანძრის ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინონ.
ამ დროისთვის ზარალის ზუსტი მოცულობა ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სადგურის მოედნის მიმდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარი ფიქსირდება, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.