ყულევში საეჭვო ტანკერი დგას - კადრები ადგილიდან

12.01.26 11:21
ყულევში საეჭვო ტანკერი დგას - კადრები ადგილიდან

ყულევის ტერმინალში საეჭვო ტანკერი შევიდა. ტანკერი, სახელწოდებით "ნოსტოსი", ამ დროისთვის ოფიციალურად სანქცირებული არ არის, თუმცა საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებზე მონიშნულია, როგორც გემი, რომლითაც სავარაუდოდ სანქცირებული რუსული ტვირთი გადააქვთ. 

"პირველებმა" შემოსავლების სამსახურს მიმართა კითხვით, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნოსტოსი" სავარაუდოდ ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, იმ გემების ქსელის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით გადაადგილდებიან და ხშირად მალავენ ტვირთის წარმომავლობას.

არსებობს კიდევ ერთი კითხვა - რომელი კომპანიის ნავთობი შემოიტანა ტანკერმა ყულევის პორტში. კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. 

"პირველებმა" აღნიშნული ტანკერის შესახებ კითხვები ყულევის პორტშიც დასვა. ადგილზე დაცვის სამსახურმა მედიას განუცხადა, რომ ტვირთის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

ტანკერ "ნოსტოსის" შესახებ ასევე ცნობილია, რომ დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს და რუსეთის ნედლი ნავთობის პოლიტიკის პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გემი, რომელიც რუსუი ნავთობის გადატანაში მონაწილეობდა. მანამდე კი, საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2022 წლამდე იგივე "ნოსტოსი" ირანულ სანქცირებულ ნავთობს ეზიდებოდა. 

ყოფილი მეზღვაური გოჩა ბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ნოვორასისკის პორტიდან ქართულ პორტში ამგვარი ტანკერი შემოვიდა, რუსი ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს. 

შემოვიდა ნოვორასისკის პორტიდან ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "ნოსტოსი", რომლის სიგრძე არის დაახლოებით 182 მეტრი, ტვირთამწეობა არის 47 147 ათასი ტონაჟობა, რომელმაც შემოიტანა ნოვორასისკიდან მოსული ნავთობი. აღნიშნული ტანკერი 2022 წლამდე ეზიდებოდა ირანის სანქცირებულ ნავთობს, რის შემდეგად, 2022 წლის ივლისიდან გადავიდა უკვე რუსული ნავთობის გადაზიდვებზე.

აღნიშნული ტანკერი და მისი კომპანია არიან ამერიკელების, ბრიტანელების, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ჩასმული შავ სიაში. რუსული ნავთობი, რომლის გადატანასაც ახორციელებს აღნიშნული ტანკერი, წარმოადგენს სანქცირებულ კომპანიებს. ის, რომ რუსული ნავთობი ნოვორასისკის პორტიდან შემოდის საქართველოს ერთ-ერთ პორტში, ყულევში, ეს გამოდის რუსი ოკუპანტების წისქვილზე ქართული რუსული ხელისუფლების მიერ წყლის დასხმა, მეტი არაფერი, - ამბობს ყოფილი მეზღვაური გოჩა ბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ ქარხანა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორი თვის წინ ყულევში პირველი რუსული ნავთობი შემოვიდა. სპეციალისტებმა მალევე დაადგინეს, რომ ნავთობის გადამზიდავი ტანკერი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და ის დაასანქცირეს.

შემდგომში კი თავად ოპერატორი კომპანია „რუსნეფტი“ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.