ქარტია: ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის
"მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს" - ასე ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამაღლობელის დაკავების ერთი წლის თავს.
"დღეს, 12 იანვარს, ერთი წელი სრულდება, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს. გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს - კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი". - წერს ქარტია Facebook-ზე.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით ორ წლით დააპატიმრეს. იგი 11 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 იანვარს სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად განსაზღვრა. ადვოკატების შუამდგომლობები პატიმრობის შეცვლის შესახებ როგორც ბათუმის საქალაქო, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქმეში გამოყენებული იყო გაყალბებული ოქმი. დაკავების შემდეგ ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა და 18 თებერვალს მკურნალთა დახმარებით კვება აღადგინა.