ISFED: მზია ამაღლობელი 2025 წელს "ქართული ოცნების" პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა
ISFED-ის შეფასებით, საქართველოში სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეჰუმანიზაციის კამპანიები, რომლებიც კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტორების წინააღმდეგ არის მიმართული. ორგანიზაციის მიხედვით, ეს პროცესები ქმნის გარემოს, სადაც ძალადობა, დევნა და თვითცენზურა საზოგადოებაში ნორმალიზდება. მათივე თქმით, 2025 წელს ამ კამპანიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იქცა.
საქართველოში სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დისკრედიტაციული კამპანიები, როგორც წესი, კარგად ორგანიზებულია და ეფუძნება ინფორმაციული მანიპულაციის სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და პოლიტიკური პროცესების კონტროლზე. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტაქტიკა, რომელიც მსგავს კამპანიებში გამოიყენება, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისა და ინდივიდების დეჰუმანიზაციაა. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ სამიზნეების მიმართ ნეგატიური ემოციების გაღვივებას ემსახურება, არამედ ქმნის საფუძველსაც, რომ მათზე ძალადობა ან უკანონო მოპყრობა საზოგადოებაში აღიქმებოდეს გამართლებულად ან ნორმალურად. ამგვარი პროცესები საფრთხეს უქმნის კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას და ზრდის თვითცენზურის დონეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვება აჩვენებს, რომ დისკრედიტაციის კამპანიებში ხშირად გამოიყენება ემოციურად დატვირთულ ნარატივები, სტერეოტიპები და კონსპირაციულ თეორიები, რათა კრიტიკულად განწყობილი აქტორები წარმოაჩინონ როგორც „მტრები“ ან „საზოგადოებისთვის საშიში ელემენტები“. შედეგად, იქმნება ნიადაგი არა მხოლოდ მათი პოლიტიკური იზოლაციისთვის, არამედ რეალური საფრთხე ფიზიკური თავდასხმებისა და ინსტიტუციური დევნისთვისაც. მსგავსი კამპანიების სამიზნე განსაკუთრებით ხშირად, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, კრიტიკული მედიაა.
2025 წელს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟურნალისტი და ონლაინ მედიასაშუალებების - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ - დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, იყო. იგი 2025 წლის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს - ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ „გაიფიცე“ სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. შვიდთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალი გადაუკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი მუხლით და ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ვრცლად ნახეთ აქ.