ივანიშვილის ოჯახი სანქცირებულ რუსულ ნავთობზე ფინანსურ სარგებელს იღებს - ექსპერტი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, სანდრო ქევხიშვილის შეფასებით, საქართველოში პრობლემური ტანკერების სისტემატური შემოსვლა და რუსული ნავთობის იმპორტის გაუმჭვირვალე სქემები ქვეყანას დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ჩართულობის რისკის წინაშე აყენებს.
მკვლევარი აცხადებს, რომ ხელისუფლება და პასუხისმგებელი უწყებები არ განმარტავენ, რომელი კომპანიები მონაწილეობენ ნავთობის მიწოდებაში, რაც პროცესს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.
ამასთან, სანდრო ქევხიშვილის თქმით, ყულევის ტერმინალი ამ სქემაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქცირებულ რუსულ ნავთობზე ფინანსურ სარგებელს იღებენ, მათ შორის ქართუ ბანკის მონაწილეობით.
ბოლო წლებში ჩვენ ხშირად ვხედავთ პრობლემური ტანკერების შემოსვლას საქართველოში, რომლებიც ხშირად ეზიდებიან რუსულ ნავთობს. ეს არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის. აქ პრობლემა არის ის, რომ აქ არც მთავრობა, არც რომელიმე უწყება, არც ადგილზე მომუშავე კომპანიები არ აკეთებენ არანაირ განმარტებას და ჩვენ არ ვიცით რეალურად, რომელიც კომპანიაა მომწოდებელი ამ ნავთობის. პრობლემური გემების მიღება საქართველოს მიერ დასავლეთისგან აღქმული იქნება როგორც რუსეთის დახმარება რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში დახმარება. ის ზომები, რაც შეიძლება, დასავლეთმა გაატაროს, შეიძლება, შეეხოს უკვე საქართველოს ეკონომიკას და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანებს, როგორც აქამდე ვიხილეთ. ყულევის ქარხანა, როგორც ჩანს, აქ ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორია. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" და უფრო კონკრეტულად ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ გადაწყვიტეს, რომ სანქცირებულ რუსულ ნავთობზე გააკეთონ ფული. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ყულევის ნავთოქარხნის მთავარი დაფინანსებელი, გარდა სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისა, არის ქართუ ბანკი. ანუ პირადად არის ივანიშვილის და ივანიშვილების ოჯახის ინტერესი, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
ყულევის ნავთობტერმინალში შევიდა ტანკერი „ნოსტოსი“, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის სისტემებში მონიშნულია როგორც გემი, რომლითაც შესაძლოა სანქცირებული რუსული ნავთობი გადაჰქონდეთ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტერმინალში 40 143 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო ტანკერი რუსული კომპანიიდან ერთ-ერთმა უცხოურმა შუამავალმა დატვირთა. მიუხედავად ეჭვებისა, უწყება აცხადებს, რომ გემი საქართველოში კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა და ტვირთი ოფიციალური იმპორტის პროცედურაში მოექცა, თუმცა კონკრეტულ კომპანიებს საგადასახადო საიდუმლოს მიზეზით არ ასახელებს.