ერთი წელი რეჟიმის ტყვეობაში - თბილისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარში იმართება

12.01.26 20:40
ერთი წელი რეჟიმის ტყვეობაში - თბილისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარში იმართება

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები ამ დროისთვის მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. 

მსვლელობას უერთდებიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები. 

მართლაც ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმის, რომ მზია ამაღლობელი გაეშავებინათ ამ პროცესში, მთელი ერთი წლის განმავლობაში არ დაიშურეს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში არ გამოუვიდათ არაფერი. რეალობა ის არის, რომ დადასტურებულია, რომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მოძალადე პოლიციელი ჰყავთ, რომელიც, დღეს შევიტყვეთ, რომ თურმე  დააწინაურეს. პოლიციელი, რომელიც ადამიანებისთვის საშიშია, ეს ადამიანი დააწინაურეს. 

რას ვითხოვთ ჩვენ - ვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი. გაათავისუფლონ ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ დატყვევებული, ეს შესაძლებელია, რომ რეჟიმისთვისაც იყოს სასარგებლო. 

რა გვაჩვენა - გვაჩვენა, რომ საქართველო სამწუხაროდ გადავიდა ისეთი სახელმწიფოების რიგებში, რომელიც გვინდოდა რომ არ ყოფილიყო ასეთი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, სიტყვისა და გამოხატვის უფლების თვალსაზრისით და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც იმას, რომ ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს შეზღუდული და დათრგუნული და აკრძალული და ვერც იმას, რომ გვყავდეს ჟურნალისტები, სტუდენტები და ჩვეულებრივი ადამიანები ციხეში იმისთვის, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ. ჩვენ ვერ გავჩერდებით და შევახსენებთ ძალაუფლებაში მყოფ ჯგუფს, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ვარსებობთ," - თქვა გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ. 

მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობას გამართავენ.

ცნობისთვის, დღეს, 12 იანვარს მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა. 

მსგავსი სიახლეები