ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა - თანამშრომლები გათავისუფლების მოლოდინში არიან

13.01.26 11:02
ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა - თანამშრომლები გათავისუფლების მოლოდინში არიან

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების რეორგანიზაცია ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისი ბრძანება 2026 წლის 9 იანვრით არის დათარიღებული.

როგორც „ბათუმელები“ წერს, მოსალოდნელია, რომ პროცესი მხოლოდ სტრუქტურული გადაადგილებებით არ შემოიფარგლოს და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს, მათ შორის იმ პირებმა, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საჯაროდ გაემიჯნა.

ამ ინფორმაციის დადასტურება მერიაში ვერ მოხერხდა. მერიიდან გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება და სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება მომდევნო ეტაპებისთვის. მერიის განმარტებით, რეორგანიზაციის მიზანია მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება.

მერის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია მოიცავს სამსახურების ფუნქციების გადახედვას, თანამშრომელთა უფლებამოსილებების გადანაწილებას, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ასევე შტატების გადაადგილებას ან შემცირებას.

რეორგანიზაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან ვიცე-მერები ნუკრი დეკანაძე და სოფიკო ხალვაში, ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ხაზარაძე, ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი კახა დიასამიძე და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მუხრან ჯორბენაძე.

„ბათუმელების“ ცნობით, მერის ბრძანება უკვე გაეცნოთ მერიის თანამშრომლების ნაწილს და მათ ხელმოწერით დაადასტურეს.

რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ მერია ვალდებულია, ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადოს, თუმცა რიგ თანამდებობებზე, მათ შორის ვიცე-მერის პოსტზე, მერს პირდაპირი დანიშვნის უფლებაც აქვს.

ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციას ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მარიამ ხაზარაძე უდგას სათავეში. მერიის ვებგვერდზე მისი ბიოგრაფია ჯერ არ არის გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის დენის სალუქვაძის მეუღლეა და დეკლარაციის მიხედვით იურისტია, რომელიც ადრე კერძო სექტორში მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები