"ციხეში გაშიშვლებას მთხოვდნენ..." - ნანა სანდერი შიმშილობის დაწყებას აანონსებს
"ციხეში მისვლისთანავე ჩემზე სისხლის სამართლის დანაშაული განხორციელდა, ჩემს გაშიშვლებას ითხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს" - ამის შესახებ სასამართლო დარბაზში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა სანდერმა მოსამართლეს მოუყვა, როგორ იძალადეს მასზე პოლიციელებმა აქციების მიმდინაეობისას. ასევე უთხრა იმ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებაც, რომელიც აქციების შემდეგ დაეწყო.
"ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, დე ვიტამინის ნაკლებობა მაქვს. 4 თვეა დე ვიტამინიც არ მიმიღია" - განაცხადა ნანა სანდერმა პროცესზე და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაანონსა, რომ დღესვე დაიწყებს მშრალ შიმშილობა.
მე შარშან 24 ნოემბერს ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის დასაცავად, ამომრჩევლებს, ემიგრანტებს არ მიეცათ ხმის უფლება, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც პარლამენტი და ხელუსუფლება არის არალეგიტიმური. ჩამოვედი საქართველოში ხმის დასაცავად. 28 ნოემბერს ვიცავდი საქართველოს ევროპულ მომავალს, ვიდექი ნოემბერ-დეკემბრის სისხლიან აქციაზე, პოლიციელების ფორმიანებმა ჯგუფურად იძალადეს ჩემზე, წელში ჩამარტყეს.
ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რასაც ტელევიზორიდან ვისმენ ზუსტად ეგ სიმპტომები მაქვს. მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, დე ვიტამინის ნაკლებობა მააქვს. 4 თვეა დე ვიტამინიც არ მიმიღია, რა მკურნალობაზეა საუბარი.
უამრავი დაავადება მაქვს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, მე გერმანიაში ორთოპედიულ მატრასზე მეძინა.
იანვრიდან დამისივდა ყბა, არც რენტგენი, არც არაფერი, ანტიბიოტიკი დამინიშნეს, რენტგენი გაფუჭებულიაო... არანაირი ყურადღება, არანაირი გამოკვლევა, არანაირი წამალი. ციხის დირექტორთანაც, ციხის ექიმთანაც დავასრულე საუბარი.
მე ვარ პოლიტპატიმარი, მე თუ დაუყოვნებლივ არ გამათავისუფლებთ, დღესვე ვიწყებ მშრალ შიმშილობას, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე, ეს ისედაც არ მაქვს",- განაცხადა სანდერმა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატებს ჰკითხა, იყო თუ არა მათთვის სანდერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ცნობილი, რაზეც ადვოკატებმა უარყოფითი პასუხი გასცეს და განაცხადეს, რომ დღესვე, მალხაზ ურთმელიძეს მიმართავენ განცხადებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს.
- განსასჯელის სკამზე სხედან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.