"იმედი მაქვს, მალე შევესწრები ქართველი ერის კვლავ გაერთიანებას და დიქტატურის დამარცხებას" - სინდისის პატიმრის წერილი

13.01.26 16:42
"იმედი მაქვს, მალე შევესწრები ქართველი ერის კვლავ გაერთიანებას და დიქტატურის დამარცხებას" - სინდისის პატიმრის წერილი

სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და თავისი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს. 

ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ მალე იხილავს ქართველი ერის კიდევ ერთ გაერთიანებას და დიქტატურის დამარცხებას. 

ვზივარ საკანში და ვუყურებ ირანში მიმდინარე მოვლენებს. რაღა დაგიმალოთ და ნერწყვი მომდის, როცა ვხედავ, როგორი გაერთიანებულია საზოგადოება, როგორ ებრძვიან უსამართლობას, დიქტატურას და ვხედავ, თუ რა სურთ მათ — დემოკრატია, სიმართლე, სინათლე, სიმშვიდე და სამართლიანობა. ჩემი გულმხურვალე მხარდაჭერა და სოლიდარობა ირანში მყოფ საზოგადოებას, ვინც იბრძვის თავისი მომავლისთვის. იმედი მაქვს, მალე შევესწრები იმ მომენტს, როცა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ქართველი ერის გაერთიანება კვლავ მოხდება და დამარცხდება დიქტატურა, უსამართლობა, სიღარიბე, ყოველივე ცუდი, რაც სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა, და მალე ვიხილავთ გაბრწყინებულ, დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ და ერთიან საქართველოს. არასდროს დანებდე, რადგან ეს შენ შეგიძლია. მე თუ ეს შევძელი და ჩემით შეშინებულმა რეჟიმმა გამომკეტა, შენ და შენთანმყოფებსაც შეგეძლებათ — განა ათი და ასი, არამედ ასი ათასნი და მილიონი კაცი. დაეცემი? წამოდექი. დარტყმის ტკივილიც გაივლის. ციხეც გაივლის. ჯარიმებიც გაივლის, შიმშილობაც გაივლის, ჭრილობაც გაივლის, მაგრამ შენი, შენი მომავალი თაობის და შენი ქვეყნის კეთილდღეობა არ გაივლის, თუ ამ პროცესში შენც არ ხარ ჩართული. მიყვარხართ და იმედია, ჩემ იმედებს გაამართლებთ. იქონიეთ ერთმანეთის იმედი და ერთობა," - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი. 

ცნობისთვის, ირანში ორ კვირაზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა.