სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 12 პირიდან 11 - აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე პატიმრობაში დატოვა. მარიამ მეყანწიშვილს აღნიშნული საქმის ფარგლებში გირაო აქვს შეფარდებული.
დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომაზე 7 საათიანი ვიდეომასალა გამოიკვლიეს, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა.
ადვოკატების თქმით, 7 საათიან კადრებში რომელიმე ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ფაქტი არ ჩანს.
პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგი სერია ვიხილეთ დღეს. პროკურატურამ გამოიკვლია 7 საათიანი ვიდეო-ჩანაწერი და ამ მასალაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ხაბეიშვილი საერთოდ არ ჩანს და ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეალურად არცერთი ბრალდებული პირის დანაშაულებრივი მოქმედება ან აძალადობა არ არის ასახული ამ ვიდეომასალაზე. ეს ზოგადად ასე ხდება, რადგან მტკიცებულებები არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დანაშაული უბრალოდ არ ჩაუდენიათ და მიმდინარეობს მათი სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.