რუსული გაზის მიწოდება საქართველოსთვის 40%-ით გაიზარდა - რა რისკებს ხედავენ ექსპერტები

13.01.26 21:07
რუსული გაზის მიწოდება საქართველოსთვის 40%-ით გაიზარდა - რა რისკებს ხედავენ ექსპერტები

ცნობილია, რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს - ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში გაჩნდა, რომელიც კომერციული საიდუმლოს მონაცემებს შეიცავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ექსპერტებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მთავრობის ადმინისტრაციამ ის საიტიდან წაშალა.

კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა სერიოზული სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს - არსებობს რისკი, რომ „გაზპრომმა“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლოს კომერციული საიდუმლოების დარღვევის გამო.

ამ ფონზე ირკვევა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსულ გაზზე. „გაზპრომის“ მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაიზარდა. პარალელურად, რუსეთმა გაზის ექსპორტი გაზარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც - ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში მიწოდება 22.2%-ით გაიზარდა.

რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის ფონზე, აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი საქართველოში მცირდება. ექსპერტების შეფასებით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს აზერბაიჯანის ვალდებულებას ევროკავშირის წინაშე, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ევროპაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებას ამ პროცესზე საჯარო განმარტება არ გაუკეთებია.

ოპოზიციისა და ენერგეტიკული ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი ენერგოდამოკიდებულებას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ხშირად იყენებს, რის გამოც მნიშვნელოვანია, საქართველომ შეამციროს დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანაზე და გაზარდოს თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. საქართველო ამჟამად აზერბაიჯანულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოდან თურქეთსა და ევროკავშირში გადის.

ამ მარშრუტის ფარგლებში საქართველო 1000 კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზში დაახლოებით 116 დოლარს იხდის, რაც რუსული გაზის ფასზე ნაკლებია.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.