38 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
38 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, სახლიდან მაღაზიაში მიმავალ ქალს 34 წლის მეზობელი უკნიდან მიეპარა, დანა ჩაარტყა და გაიქცა.
მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. ქალის ცხედარი მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც ტოვსტონოგოვის ქუჩაზე პოლიცია გამოიძახეს.
ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ე.წ იტალიურ ეზოში, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ. პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ადგილზე ყვებიან, რომ 34 წლის მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის რამდენჯერმე სამკურნალო დაწესებულებაში ყავდათ გადაყვანილი, თუმცა ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა.
ახალგაზრდა ქალია მოკლული დანით. ის ბიჭი ცოტა ვერ იყო, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. დადიოდა წრეზე ხოლმე. მეზობლები იყვნენ კი. ბევრჯერ წაიყვანეს საგიჟეში და მეორე დღეს უკან ბრუნდებოდა. გაქცეულიაო და ეძებენ", - ამბობს მეზობელი.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ამ დრომდე გრძელდება. ქალის ცხედარი კი პროზექტურის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
განახლება: რამდენიმე წუთის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 38 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს.