თბილისში მოკლული მასწავლებლის დედას საქმის მასალები გადაეცა
"გადმომეცა საქმის მასალები" - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს.
ეკა კუპატაძის ცნობით, 17 იანვარს დაგეგმილი აქცია გადაიდო. მისი თქმით, ის საზოგადოებას ყველა ინფორმაციას მიაწოდებს.
17 იანვრის აქცია გადაიდო.
გთხოვთ, დამეხმარეთ ამ საინფორმაციო განცხადების გავრცელებაში!
ხალხის უდიდესი და უანგარო თანადგომით მოვახერხე, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა!
ყველა ინფორმაციას მოგაწოდებ საზოგადოებავ, თქვენთან ვალში ვარ!
დღეს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გადმომეცა საქმის მასალები, ჩავუჯდები დეტალებს და რისხვის ტალღა მერე ნახონ!!!ცოტა ხნით აქციის გადადება მომიწევს, მე არ მინდა აქცია აქციისთვის. აქცია მინდა ბრძოლისთვის!
ამიტომ, ჯერ ვნახავ რა დევს საქმის მასალებში და ბრძოლის სტრატეგიას იმის მიხედვით განვსაზღვრავ.
მე ვცოცხლობ გიგასთვის!
ჩემი ხერხემალი ჩემი გიგას ღირსებაა!
სახელმწიფოს ხერხემალი სამართალია!
P.S. ნია იმნაძის დედავ, დაქალის ქმარი მომიკითხე!" - წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, 8 იანვარს გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფ გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვა და ვადა 17 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუპატაძე ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.
[ფოტო: მარიამ ნიკურაძე]