"აუხსენით "ოცნებას" რა მძიმე შედეგებს მოიტანს დაგეგმილი განათლების რეფორმა" - გერმანული ასოციაციის წერილი

15.01.26 12:05
"აუხსენით "ოცნებას" რა მძიმე შედეგებს მოიტანს დაგეგმილი განათლების რეფორმა" - გერმანული ასოციაციის წერილი

აღმოსავლეთ ევროპის კვლევების გერმანული ასოციაცია "ქართული ოცნების" განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს

ასოციაცია ღია წერილში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს სოლიდარობას უცხადებს და გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, აუხსნან ივანიშვილის გუნდს დაანონსებული ცვლილებების მწვავე შედეგები.

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა გეგმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებს. მიზნად არის დასახული, რომ უნივერსიტეტები მთლიანად მოაქციონ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და ჩამოაშორონ საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების სისტემას. ეს ქვეყანას მოაქცევს აკადემიურ და საგანმანათლებლო თვითიზოლაციაში.

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოში თანამედროვე უნივერსიტეტები დაარსდა, რომლებიც ინტეგრირებულია ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში. საქართველო იყო მონაწილე ბოლონიის პროცესისა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს აკადემიური სივრცის წარმომადგენლებისთვის მათი მობილობის, საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობის, დასაქმების ზრდას.

საქართველოს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციამ გააუმჯობესა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი და ქვეყანა ზემოთ ასწია საერთაშორისო რეიტინგებში, რასაც ასევე მოჰყვა ევროპის უნივერსიტეტებთან, მათ შორის, გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.

საქართველოში დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია ნიშნავს ქართული უნივერსიტეტების ავტონომიურობის დასასრულს. თბილისში არსებული რამდენიმე უნივერსიტეტის მთავარი ფაკულტეტები უნდა ამოიძირკვოს დედაქალაქიდან და გადავიდეს პატარა ქალაქებში. ის, რასაც შელამაზებულად, თითქოს ეფექტურობის ამაღლებას უწოდებენ, სინამდვილეში, ფაკულტეტებსა და სტუდენტებზე კონტროლის მოპოვებაა. დასახული გეგმები ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის თავისუფალ სულს. ამ გეგმების განხორციელება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს უმაღლეს განათლებას.

ტრადიციულად, გერმანია ახლო პარტნიორი იყო ქართული უნივერსიტეტებისთვის. არაერთ ასეთ საუნივერსიტეტო თანამშრომლობას ჰქონია ადგილი 100-ზე მეტი წლის მანძილზე. დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია გაანადგურებს თანამშრომლობას, რომელიც ათწლეულების მანძილზე მყარდებოდა.

უმაღლესი განათლების სისტემაში დასახული გეგმები ნაწილია ავტორიტარიზმისკენ გადახრილი იმ გზისა, რასაც საქართველო უკანასკნელი სამი წლის მანძილზე დაადგა. მთავრობა სისტემატური მიდგომით ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ხელს უშლიან საქმიანობაში, საერთაშორისო დაფინანსება უკვე კრიმინალიზებულია.

უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი ეს რესტრუქტურიზაცია ამ პროცესის მომდევნო ნაბიჯია. საქართველოს მთავრობა სისტემურად ესხმის თავს უნივერსიტეტებს, რადგანაც ავტორიტარული მმართველობის პირობებში ესაა სივრცე დამოუკიდებელი აზროვნებისა და წინააღმდეგობისთვის, ევროპული საზოგადოებიდან საქართველოს იზოლაციის გასაპროტესტებლად.

აღმოსავლეთ ევროპული კვლევების გერმანული ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ კოლეგებს, რომლებიც იცავენ აკადემიურ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, რაც სწორედ ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის მახასიათებელია.

მოვუწოდებთ გერმანიის მთავრობას, რომ საქართველოს მთავრობას ნათლად აუხსნან ქვეყნის აკადემიური და საგანმანათლებლო თვითიზოლაციის შედეგები. საქართველო დაფასებულია, როგორც განათლების ევროპული ცენტრი და საერთაშორისო კვლევით საქმიანობებში დაფასებული პარტნიორი. ქვეყნისა და ევროპის სამეცნიერო საზოგადოების ინტერესია, რომ საქართველოს უნივერსიტეტებს გარანტირებულად დარჩეთ აკადემიური თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა," - ნათქვამია ღია წერილში.

[ფოტო: "ნეტგაზეთი"] 

მსგავსი სიახლეები