ჯუანშერ ბურჭულაძეს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებია
ჯუანშერ ბურჭულაძეს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებია - თავდაცვის ექს-მინსიტრმა დღევანდელ პროცესზე სიტყვით მხოლოდ მაშინ ისარგებლა, როდესაც პროკურორს მოწმეების დაკითხვისას კითხვის ფორმულირება რამდენჯერმე შეუსწორა.
„თუ ციტირებთ, ციტირება ზუსტად უნდა განახორციელოთ, ციტირებას პერიფრაზირება გაუკეთეთ. მან სიტყვა სიტყვით ბრძანა, რომ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვიცოდით კომპანია, რომელსაც ჰქონდა აპარატის მოწოდების გამოცდილება, მივედით და ვკითხეთო. მან გვიპასუხა, მე ვიციო. თქვენ პირდაპირ მიუთითეთ პასუხი რა უნდა იყოს. შეუცვალეთ პასუხი ",- მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურორს.
დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო. სწორედ, მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
დავითაშვილის თქმით, მას მეგობრისგან ჰქონდა შემოთავაზება, ტენდერში მიეღო მონაწილეობა. მისი ჩვენებით, მაგნიტორეზონანსული აპარატის შესყიდვის შემდეგ, მას თავდაცვის სამინისტროსგან 3 940 000 ლარი ჩაერიცხა.
შემდეგი მოწმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი იყო. ის სამინისტროში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირია.
ასევე სასამართლოზე დაიკითხა გორის ჰოსპიტლის დირექტორი, შალვა მაღლაკელიძე. მისი ჩვენებით, მან ჯუანშერ ბურჭულაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მითითებული იყო ჰოსპიტლის საჭიროებები, მათ შორის, სამედიცინო ტექნიკის აუცილებლობა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაკითხული მოწმეების ჩვენებების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც.
ერთ-ერთი მოწმე იყო უშუალოდ შესყიდვების პროცესში ჩართული და შესაბამისად, პირდაპირ განმარტავდა, რომ ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ საბოლოო ჯამში ვლადიმერ ღუდუშაური და გიორგი ხაინდრავა. შემდეგმა მოწმემ განმარტა, რომ ამ ყველაფერში იმ კომპანიის წარმომადგენელმა კონკრეტულად ერთ-ერთი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან, დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ფორმალურად ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მან გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან ეს ხელშეკრულება, უშუალოდ მას არ შეუსყიდია და არ მიუწოდებია, არამედ სხვა კომპანიები ახორციელებდნენ მის ნაცვლად.
რაც შეეხება მესამე მოწმეს, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილს რაც შეეხება, იმ ჰოსპიტალის დირექტორს, რომლისთვისაც შეძენილი იყო ეს ინვენტარი, მან განმარტა, რომ მან მიაწოდა ჯუანშერ ბურჭულაძეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებიდან გამომდინარე. ვინაიდან ეს საჭიროებები იყო და შეიცავდა საიდუმლო ინფრომაციას, მან განმარტა, რომ ეს ყველაფერი მიწოდებულ იქნა საიდუმლო სახით, შემდეგ უკვე შესყიდვა რატომ განხორციელდა საიდუმლოდ, განმარტა, რომ მას ამის შესახებ ინფრომაცია არ აქვს.
ვადებზე იყო საუბარი, ვინაიდან კატეს აპარატს უნდა დახვედროდა მომზადებული ოთახი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს სხვა დანაყოფს უნდა უზურნველყო ამ ოთახის მომზადება, ვინაიდან არ დახვდა და არ იყო მომზადებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰოსპიტალს ესაჭირეობოდა ეს აპარატი, მოხდა წელიწადნახევრის შემდეგ მსიი დამონტაჟება, რაც ქმნიდა მისი გაფუჭებსი ხარისხს და ფაქტობრივად ეს კატეს აპარატი შეძენილი იქნა რამდენიმე მილიონად, თუმცა ეს მილიონები შეიძლებოდა ჩაქრილიყო წყალში, იმის გამო, რომ ვერ უზრუნვეყვეს სათანადო ოთახის დახვედრება", - ამბობს პროკურორი.
- გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
- ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.