საარსებო მინიმუმი - თვეში 250.9 ლარი - როგორ აფასებენ ეკონომისტები საქსტატის მონაცემებს
ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი ერთ თვეში ოთხ ლარ-ნახევრით შემცირდა, არარეალურია.
- საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 255.4 ლარიდან ლარიდან 250.9 ლარამდე შემცირდა -სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4.5 ლარით ნაკლებია.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარის განცხადებით, არსებობისთვის აუცილებელი კალორაჟის დათვლა და ამაზე აპელირება სრულიად არასწორია. მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, შესაბამისად "ცხოვრების გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია".
უბრალოდ ამ კალორაჟის დათვლა და ამაზე აპელირება არის სრულიად არასწორი, ეს არანაირ მონაცემს და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ გვაძლევს. ჩვენ გვაქვს სასურსათო ინფლაცია დაახლოებით ორნიშნასთან ძალიან ახლოს, ამ რეალობაში, როდესაც მიზნობრივ ინფლაციასაც რეალურად აღემატება მნიშვნელოვნად, როდესაც ქვეყანაში არსებითად ეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, ამ რეალობაში ცხოვრების რაღაცა ტიპის გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია. ეს ყველაფერი რაღაცა საგამოძიებო კომისიებით არ იმართება," - ამბობს პაატა ბაირახტარი.
ამასთან, ეკონომისტი აკაკი ცომაიას განმარტებით, აღნიშნული საკითხი არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და შესაძლოა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები პოლიტიკოსებმა საკუთარი განცხადებებისთვის გამოიყენონ.
ეს არ არის ეკონომიკური საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. საარსებო მინიმუმს ითვლიან იმ მინიმალური კალორიების მიხედვით, რომელიც სჭირდება ადამიანს რომ გადარჩეს. პენსიონერებიც კი, თავისი პენსიით ახერხებენ საარსებო მინიმუმისათვის საჭირო თანხის მოგროვებას და არსებობას.
დაახლოებით ასეთი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მესიჯები, რომ გაჟღერდეს, საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ინტერპრეტაციებისთვის არის კარგი," - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საარსებოს საკვების გარდა ადამიანებს მედიკამენტები, საცხოვრებელი და კომუნალურების გადახდაც სჭირდებათ, შესაბამისად 250.9 ლარი საკმარისი არ არის.