ბათუმელი მედროშე შიმშილობას აგრძელებს

15.01.26 18:22
ბათუმელი მედროშე შიმშილობას აგრძელებს

ბათუმელი მედროშე, ზურა ჭავჭანიძე ციხეში შიმშილობას აგრძელებს - პროევროპულ აქციაზე დაკავებული კაცი აღნიშნავს, რომ  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება.  

ჭავჭანიძის თქმით, 13 იანვრის, მას შემდეგ რაც მოსამართლე რომეო მიქაუტაძემ "ფაქტობრივად  სასიკვდილოდ გაიმეტა" მასთან ერთად დაკავებული და პატიმრობაში დატოვა კაცი, რომელსაც  დაავადებები აღენიშნება, თქვა, რომ "შიმშილობას აზრი არ ჰქონდა". საბოლოოდ კი გადაწყვიტა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი არ ეთქვა. 

“ჩემზე გავრცელდა ჭორი, თოთქოს მე გადავედი ჭამაზე. სინამდვილეში, სასამართლოზე ერთ-ერთი ჩვენი წევრი [ბრალებული] ფაქტობრივად მოსამართლემ სასიკვდილოდ გაიმეტა – იმდენნაირი დაავადება აქვს, ყოველდღიურად უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გირაოზე შეიტანა ადვოკატმა თხოვნა და უარი უთხრა. არადა, ძალიან მძიმე სიტუაციაშია და ამ ფონზე, გამწარებულზე, მე ვთქვი, რომ აზრი არ აქვს შიმშილობას-მეთქი და განვაცხადე, რომ ვანებებ თავს-მეთქი. თვითონ, ჩვენ ბიჭებთან ვთქვი. გავრცელდა ტელევიზორში ასე, რომ თითქოს მე მივატოვე უკვე შიმშილობა, სინამდვილეში, მე არ მიმიტოვებია. ეს იყო აღელვებულ ნიადაგზე ნათქვამი ჩვენში. მე შიმშლობას ვაგრძელებ ჩვეულებრივად”, – ამბობს ზურა ჭავჭანიძე.

მისი თქმით, ექიმების ზედამხედველობის ქვეშაა. ის უკვე 2 თვეზე მეტია, შიმშლობს.

მსგავსი სიახლეები