სასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოში 15 პირის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

16.01.26 11:23
სასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოში 15 პირის საქმეზე  მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

სასახლის ღობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. 15 პირის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.

სახელმწიფო ბრალდება დასაკითხად მოწმეებს მიიყვანს. დიდი ალბათობით, დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური კვლევები ჩაატარეს და ამოიცნეს ბრალდებულები ვიდეო თუ ფოტომასალებიდან.

ერთ-ერთი ბრალდებული, რომლის პროცესიც დღეს მიმდინარეობს ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილის. როგორც ის ამბობს, მისთვის მოწმეების გამოკითხვა საინტერესო არ არის, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია საპროტესტო აქციაზე დგომა.

დაკავების პირველი დღიდანვე მე არაფერი დამიმალავს, იქ ვიყავი და რასაც ვაკეთებდი, იმას ვაკეთებდი. დასამალი არაფერი მაქვს, მე იქ ნამდვილად ვიყავი. გაუგებრობაში  ვარ, 200 ათასი კაცი იყო ერთ საქმეზე, რომ უნდათ საქართველოს თავისუფლება, 200 ათასივე უნდა გამოიკვლიონ, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

უფლებადამცველების თქმით, მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, რას იტყვიან დარბაზში ის ექსპერტები, რომლებმაც სასახლის ღობის ექსპერტიზა ჩაატარეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დამკავებელ პოლიციელებზე მეტად, ვფიქრობ, ის აბსურდული პატაკის შემდგენი პოლიციელები არიან, რომლებმაც რატომღაც მიიჩნიეს, რომ ამ ადამიანთა მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. ვერცერთი მოწმით და მტკიცებულებით ვერ დადასტურდება, დავით სტურუას მიერ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ან რაიმე სახის შესაძლო დანაშაულის ჩადენის მცდელობა,- ამბობს უფლებამდაცველი.

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

მსგავსი სიახლეები